მარტვილის კანიონს და კოლხეთის ეროვნულს პარკს სამეგრელოში ტურისტები ყველაზე ხშირად სტუმრობენ

108

სტატიის გაგრძელება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიებია კოლხეთის ეროვნული პარკი და მარტვილის კანიონი. შარშანწინ კოლხეთის ეროვნულ პარკს სულ 33 ათას 421 დამთვალიერებელი სტუმრობდა. მათ შორის 29 ათას 708 ქართველი, 3 713 კი უცხოელი ვიზიტორი იყო. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

გასულ წელს ეს მაჩვენებელი შემცირდა და 26 ათას 841 სტუმრით განისაზღვრა. მათგან 22 ათას 360 ქართველი, 4481 კი უცხოელი ტურისტია.

რაც შეეხება მარტვილის კანიონს, შარშანწინ დაცულ ტერიტორიას 170 ათას 232 დამთვალიერებელი ჰყავდა. მათგან 71 100 ქართველი და 99 132 უცხოელი. გასულ წელს კანიონს 184 ათას 29 ტურისტი სტუმრობდა. მათ შორის ქართველი იყო 59 980 და 124 ათას 49 კი უცხოელი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ ზუგდიდის ტექნოპარკში, ორგანიზაციის ხუთწლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან წულაიამ აღნიშნა, რომ სამეგრელოს რეგიონში ტურისტების 80% მარტვილის კანიონზე მოდის და სტატისტიკა მზარდია. მათგან 70% უცხოელი ვიზიტორია.

კოლხეთის ეროვნული პარკი კი ქვეყნის მასშტაბით დაცული ტერიტორიების ათეულში ვერ მოხვდა. პარკის ვიზიტორთა მხოლოდ 15%-ია უცხოელი. ლევან წულაიას თქმით, ამ პარკს გაცილებით მეტი რესურსი აქვს.

მისივე თქმით, ტურისტების 47% რეგიონში მხოლოდ ერთი დღით ჩერდება.