ხაბეიშვილი: ბიუჯეტი მორგებულია მაღალი თანამდებობის პირებზე და როდესაც კალაძე ამბობს, რომ ეს არის კოლოსალური ბიუჯეტი, არის ტყუილი

183

თბილისის ბიუჯეტი მორგებულია მაღალი თანამდებობის პირებზე და როდესაც კალაძე ამბობს, რომ ეს არის კოლოსალური ბიუჯეტი, ეს არის ტყუილი, – ამის შესახებ საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა თბილისის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას განაცხადა, რომელიც დღეს, საკრებულოში უნდა დამტკიცდეს, წერს ინტერპრესნიუსი.

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია, რომ მომავალ წელს 90 ადამიანით უფრო მეტი იმუშავებს, ვიდრე წელს მუშაობს, რაც 3 მილიონი ლარით დამატებით ხარჯს გამოიწვევს ბიუჯეტიდან. ასევე, მერიის ადმინისტრაციის ხარჯი იზრდება 2 მილიონი ლარით, აქამდე იყო 29 მილიონი, ახლა არის 31 მილიონი, რაც ნიშნავს იმას, რომ დამატებით მეტ რესტორანში ივლიან მაღალი თანამდებობის პირები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, მეტ მივლინებაში და მეტი ფუფუნების საგნებით ისარგებლებენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბაღის პედაგოგებს არც ერთი ლარით არ ეზრდებათ ანაზღაურება, სამწუხაროდ, არც ავტობუსის მძღოლებს, არც მეტროს მემანქანეებს, არც დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს, არავის, ვინც მართლა ემსახურება თბილისელებს, ლარით არ ეზრდება ანაზღაურება. თუმცა, იზრდება საშტატო ნუსხა, იზრდება მილიონობით ლარით ბიუროკრატია და მცირდება, მაგალითად, საგზაო ინფრასტრუქტურა 104 მილიონი ლარით, სოციალური დაცვა 10 მილიონი ლარით. შესაბამისად, მარტივია, ხომ?! – ეს ბიუჯეტი მორგებულია მაღალი თანამდებობის პირებზე და როდესაც კალაძე ამბობს, რომ ეს არის კოლოსალური ბიუჯეტი, ეს არის ტყუილი. 2014 წელს იყო 452 მილიონი დოლარი, ახლა არის 350 მილიონი დოლარი, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, მსყიდველუნარიანობით რამდენად ეწევა ეს ბიუჯეტი თუნდაც 2014 წელს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილმა უპასუხა კითხვას, თუ როგორ გამოეხმაურება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებას, რომლის თანახმადაც საშტატო ერთეულები რეალურად იმის გამო გაიზარდა, რომ ვინც აქამდე იყო ხელშეკრულებით, ის გადავიდა შტატში.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები რას ლაპარაკობენ, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად მართალია. მატყუარები და ცრუპენტელები არიან. ბიუჯეტში რაც წერია, დოკუმენტში, მე იმაზე ვსაუბრობ, თორემ მასე ელოშვილმაც მოჰყვა, რომ ჩვენ მექანიკურად დავთვალეთ რაღაცა, არადა თავად დადღაბნეს ბიუჯეტში. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ და ბიუჯეტში ეს ასე წერია, 90 ერთეულით იზრდება დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და 3 მილიონი ლარით გამოიწვევს ხარჯების ზრდას და რას ამბობს ახლა ზარქუა, რომელიც ცალ-ცალი „კალოშით“ მოვიდა და მილიონერი გახდა, არ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, როგორც საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, დღეს სხდომას, რომელზეც თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს, ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დაესწრება.