სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმაზე ქობულეთში იმსჯელეს

943

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონის განხორციელების პროგრესის მეთვალყურეობის მიზნით, დაარსებული საკოორდინაციო საბჭო, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი და გაერო-ს ბავშვთა ფონდი ქობულეთში ატარებენ პირველ რეგიონალურ საკონსულტაციო შეხვედრას, რომლის მიზანია აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტების ინფორმირება სკოლამდელი განათლების სისტემის რეფორმის შესახებ.

ფორუმის მიზანია, კანონის, სტანდარტებისა და სტრატეგიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდების გზით, მუნიციპალიტეტების ინფორმირებულობის გაზრდა და მათი გაძლიერება სისტემაში არსებული გამოწვევების დასაძლევად საქართველოს ყველა ბავშვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის მიზნით.

კანონის განხორციელების მხარდასაჭერად იუნისეფმა ტექნიკური დახმარება გაუწია სამინისტროებს შემდეგი ეროვნული სტანდარტების შემუშავებაში: ადრეული და სკოლამდელი განათლების ეროვნული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტები; ადრეული და სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურისა და ფიზიკური გარემოს სტანდარტები; სანიტარიული და

ჰიგიენური ნორმების შესახებ და კვების ორგანიზების ტექნიკური რეგლამენტები. აღნიშნული სტანდარტები უნდა დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის ოქტომბერში.

კანონი ითვალისწინებს სკოლისათვის მოსამზადებელ წელს ყველა ხუთი წლის ბავშვისთვის, რათა გაუმჯობესდეს სკოლისათვის მზაობა, აგრეთვე, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმებს და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში განათლების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების, კვების და ფიზიკური გარემოს ეროვნული სტანდარტების დანერგვას. კანონი ასევე, ითვალისწინებს ცენტრალური ხელისუფლების გაზრდილ პასუხისმგებლობას ეროვნული სტანდარტების მონიტორინგის საქმეში და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერას ინკლუზიური სკოლამდელი განათლების მართვაში, მისი ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხში.

2017 წელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააარსა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც დააკვირდება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე სახელისუფლებო უწყებების მიერ კანონის განხორციელების პროგრესს. საბჭოს მიზანია ამ სფეროში ჩართული დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნის გაზიარება და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა კანონის ეფექტიანი და ეფექტური განხორციელებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი