ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ

1031

წინა სტატია

ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდების სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას მერიაში დღესვე დაიბარებენ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა ჟურნალისტებს მერიის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც ბენდელიანმა აღნიშნა, მერიამ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები რამდენიმე დღის წინ ასფალტის ზედა ფენების მოწყობის შემდეგ აღმოაჩინა.

“ზაარბრიუკენის ხიდთან დაკავშირებით სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. იქ რამდენიმე დღის წინ ვიყავით. პერიოდულად მერიის მუნიციპალური ლაბორატორია ახორციელებს სამუშაოების დროს ინსპექტირების. გამოვლინდა ასფალტის დაგების დროს ხარვეზები. არ არის სამუშაო ისეთი ხარისხით შესრულებული, როგორც უნდა იყოს და როგორი მოთხოვნაც გვაქვს. დღესვე გვექნება კომპანიასთან შეხვედრა და თვითონ ამ კომპანიის ხარჯებით მოხდება ყველანაირი ხარვეზის აღმოფხვრა, რაც არასწორად არის გაკეთებული.

სამუშაოებს ამხანაგობა “დაგი და კოსტრაქსენ სერვისი” ასრულებდა. მერმა როდესაც შეამოწმა ეს ტერიტორია, მაშინ გვირაბის სამუშაოები ტარდებოდა, მაშინ ასფალტის საფარის ზედა ფენები მოწყობილი არ იყო. როცა დასრულდა სამუშაო რამდენიმე დღის წინ, ხელმეორედ შემოწმდა და ამ პერიოდისთვის გამოვლინდა ეს ხარვეზები”,- განაცხადა ბენდელიანმა.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “მშრალ ხიდსა და ზაარბრიუკენის ხიდზე საგზაო სამუშაოები ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ.

კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს მიმართა, რომ შეხვდეს აღნიშნული სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიას და გზის საფარის ხელახლა გაკეთება დაავალოს. კალაძის განცხადებით, კომპანია საგზაო სამუშაოებს ხელახლა, საკუთარი ხარჯებით ჩაატარებს.