ორი წლის განმავლობაში დედაქალაქში არსებული ავტოპარკი 347 ავტობუსით განახლდა

857

ორი წლის განმავლობაში თბილისის მერიამ ტრანსპორტის მიმართულებით რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა ნაწილი კი ამჟამადაც მიმდინარეობს. ამასთან, თბილისის მერიამ ზონალური პარკირების მონაკვეთებში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე წვდომა გააუმჯობესა და MAN-ის მარკის 10-მეტრიანი ავტობუსები დანიშნა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ახალი ავტობუსების შესყიდვისა და ე.წ. ყვითელი ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქმიანობის ორწლიანი ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა.

“„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ავტოპარკში 347 ახალი ავტობუსია: 143 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსი (CNG); 74 ერთეული ახალი 10-მეტრიანი MAN-ის მარკის ავტობუსი (ევრო 6 ემისიის დიზელი); 130 ერთეული ახალი 8-მეტრიანი ISUZU-ს მარკის ავტობუსი (ევრო 6 ემისიის დიზელი); 2018-2019 წლებში თბილისის მერიამ შეიძინა 90 ერთეული MAN-ის მარკის 10-მეტრიანი და 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსი. ახალი ავტობუსების ნაწილი დედაქალაქის მოსახლეობას უკვე ემსახურება. დარჩენილი ნაწილის მოწოდება კი წლის ბოლომდე დასრულდება. შედეგად, თბილისის ავტოპარკში 453 ახალი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ავტობუსი იქნება.

EBRD-ის დაფინანსებით, გამოცხადებულია ტენდერი თბილისისთვის 110 ერთეული 12-მეტრიანი გაზის (CNG) საწვავზე მომუშავე ავტობუსების შესყიდვაზე. ამავე ბანკის დაფინანსებით, მიმდინარეობს მუშაობა კიდევ 90 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. მგზავრთნაკადის ზრდის გათვალისწინებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ტენდერი დამატებით 100 ერთეული 8-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად. უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, 2020 წლის პერიოდში მთლიანად ჩანაცვლდება დედაქალაქში მოძრავი სხვადასხვა ტევადობის მოძველებული ავტობუსები და ავტობაზებში ჯამში, 753 ერთეული ახალი, ევროპული სტანდარტების თანამედროვე ავტობუსი იქნება. არსებული რესურსების მობილიზებით, თბილისის მერიამ 2018 წელს 10 ახალი მარშრუტის დამატება და 15 მარშრუტის დაგრძელება შეძლო. 2019 წელს კი გაიხსნა ორი ახალი და დაგრძელდა შვიდი მარშრუტი. ამასთანავე, ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში, ამოქმედდა „ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი. მარშრუტი – „ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“.

აღსანიშნავია ისიც, რომ დედაქალაქის მერიამ ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ კვლევით ორგანიზაცია “სისტრასთან“, რომელიც თითოეულ უბანსა და მგზავრზე ორიენტირებულ სატრანსპორტო სქემას მუნიციპალიტეტს უახლოეს მომავალში წარუდგენს. შესაძლებელი გახდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან სინქრონიზაცია. პროექტის საერთო ღირებულება 790 ათასი ევროა, საიდანაც 490 ათასი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) გრანტია, ხოლო – 300 ათასი მერიის დაფინანსება”, – აღინიშნა პრეზენტაციისას.

გარდა ამისა, თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, “სისტრას“ რეკომენდაციითვე, თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის „ჩქაროსნული“ დერეფნების მოწყობა მიმდინარეობს.

“ამჟამად, მუშავდება ჭავჭავაძის გამზირისა და ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სატრანსპორტო სქემები. მოძრაობის ორგანიზების ახალი სქემები უკვე შედგენილია კანდელაკის, მელიქიშვილის და სარაჯიშვილის ქუჩებისთვის. რეაბილიტირებულ ყველა ქუჩაზე დასრულდა ავტობუსისა და ველოსიპედის ზოლების გაყვანა”.