ანა მიქელაძე – საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება

1095

საარჩევნო ადმინისტრაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად ემზადება, – ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ცესკო არჩევნების ორგანიზების კუთხით არაერთ საქმიანობას ახორციელებს. ანა მიქელაძის ცნობით, ამ ეტაპზე საარჩევნო ადმინისტრაციამ რამდენიმე საგანმანათლებლო და ინფორმაციული ხასიათის პროექტი განახორციელა.

“ერთ-ერთი პროექტია – ინიციატივა “ვესაუბრებით ამომრჩევლებს”. პროექტი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერების და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა”, – განმარტა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის აქტივობები განხორციელდა, მათ შორის, გაიმართა შეხვედრები – “ამომრჩევლის დღე”, რა დროსაც დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიის წამრომადგენლები აწვდიდნენ. აღნიშნული პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 ოლქის ტერიტორიაზე მოეწყო. საერთო ჯამში, 449 შეხვედრა გაიმართა.

ანა მიქელაძის ინფორმაციით, ასევე განხორციელდა ცესკო-სა და სწავლების ცენტრის ერთობლივი პროექტი “საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”. სასწავლო პროექტი 63 მუნიციპალიტეტში შედგა.

“პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა შეისწავლეს საკითხები, როემლებიც უშუალოდ უკავშირდება არჩევნების დღეს, კენჭისყრის პროცედურებს, შემაჯამებელი ოქმის შედგენას, ოქმის საჯაროობას, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის საქმიაობის პრინციპებს, ეთიკას და სხვა. აღნიშნული პროექტის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა აქვთ მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებში დასაქმდნენ”, – განმარტა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივი წერის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.
სწავლების ცენტრმა კი განახორციელა პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი”. აღნიშნული პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება და ახალგაზრდებში არჩევნების თემის პოპულარიზებას, მათი სამოქალაქო ცნობიერიების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ცესკო-ს სპიკერმა ისაუბრა “საარჩევნო განვითარების სკოლაა”. პროექტის მონაწილეები 18-24 წლის ახალგაზრდები არიან.

“მათ შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე პროექტი 23 მუნიციპალიტეტში ხორციელდება. პროექტმა მოიცვა ისეთი ოლქები, როგორიც არის ახალგორი, სადაც წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ ახალგაზრდებს ექნებათ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა, ასევე აღნიშნული პროექტი წელს პირველად განხორციელდება ახმეტაში, სადაც მონაწილეობის მიღება პანკისის ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეუძლიათ”, – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, ინკლუზიური საარჩევნო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება. ანა მიქელაძის თქმით, ამ თემაზე ცესკო-ში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდეს. ამასთან, ცესკო-ს სპიკერის ცნობით, ცესკო-ს ვებგვერდი სრულად არის მორგებული უსინათლო ამომრჩევლისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საიტის ადაპტირება მცირემხედველი მომხმარებლისთვის მოხდეს. ასევე, რამდენიმე შეხვედრა გაიმართა საარჩევნო უბნების ადაპტირების ხელშეწყობის მიზნით.

“ეს არის პროცესები, რასაც ამ ეტაპზე ვახორციელებთ. რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაცია დამატებით აქტივობებს უშაულოდ არჩევების დანიშვნის შემდგომაც განახორციელებს”, – განაცხადა ცესკო-ს სპიკერმა.

საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებს. არჩევნების კონკრეტული თარიღი ამ ეტაპზე არ სახელდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი