ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი

606

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39 მილიონი ლარია გამოყოფილი.
ცესკო-ს სპიკერის ანა მიქელაძის  განცხადებით, აღნიშნულ თანხაში სხვადასხვა ტიპის ხარჯები შედის, რომლებიც არჩევნების ორგანიზებასა და ჩატარებას ეხება.

“ამ თანხაში შედის არჩევნების მოსამზადებელი ხარჯები, მოხელეთა მომზადება-გადამზადება, საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯები, რაც დაახლოებით ორი მილიონი ლარია, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების დაფინანსება, რაც 7 მილიონი ლარის ფარგლებშია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ცესკო-ს საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ცესკო-ს აპარატის თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურების ხარჯები. კავშირგაბმულობის, კომუნალური, ტრანსპორტირების, ბეჭდვასთან და ინვენტარის შეძენასთან დაკავშირებული თანხები და სხვადასხვა ტიპის ხარჯები”, – განმარტა ანა მიქელაძემ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ გამოყოფილი თანხა – 39 მილიონი ლარი თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტურის ჩასატარებლად არის განსაზღვრული, მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში კი, კალკულაცია ხელახლა მოხდება. ხარჯი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ოლქში დადგება მეორე ტურის ჩატარების საჭიროება. დაფინანსების გეგმა ფინანსთა სამინისტროს წარედგინება და ამის შემდეგ, მეორე ტურის ჩასატარებლად საჭირო თანხა გამოიყოფა.

წყარო: ინტერპრესნიუსი