ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის რეაბლიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება

1808

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზის ხუთკილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა და შვიდ კილომეტრზე სარეაბილიტაციო სამუშაოები  გრძელდება. პროექტი ორ მონაკვეთად არის დაყოფილი და ჯამში 13 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული და ერთ დროს კაპიტალური საფარის მქონე გზა მთლიანად მწყობრიდან იყო გამოსული, რაც გზით მოსარგებლეების გადაადგილებას აფერხებდა.

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებებიავტოპავილიონები და ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, რეაბილიტაცია უტარდება მონაკვეთზე არსებულ ხიდს. ასევე, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა, მიმდინარეობს რეაბილიტირებული გზის მონიშვნის სამუშაოები.

„ვაზიანი-მარტყოფი-ნორიო-ღვთაების საავტომობილო გზით, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სამონასტრო კომპლექსის მომლოცველები სარგებლობენ. მონასტრამდე მისასვლელი გზის გამართულად ფუნქციონირება ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მონაკევთის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ღვთაების მონასტრამდე მისვლა უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება ჯამში 7 531 227 ლარია.

სამუშაოები 2018 წლის აპრილში დაიწყო და მეორე მონაკვეთის რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.