გაუარესებული ეკოლოგიური მდგომარეობისა და ქაოტური განაშენიანების შესაჩერებლად თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში პროექტები იწყება

145

საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო ჯგუფების მონაწილეობა, მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა – ეს ის საკითხებია, რომელზეც 3 არასამთავრობო ორგანიზაცია და 1 საინიციატივო ჯგუფი “ღია საზოგადოების ფონდის” მხარდაჭერით იმუშავებენ.

მიზეზი, რის გამოც “ღია საზოგადოების ფონდისთვის” აღნიშნული პრობლემატიკა ერთ-ერთი პრიორიტეტი გახდა, ქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის მანკიერი პრაქტიკის დამკვიდრებაა. ამ პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა, რის შედეგადაც ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ადამიანთა ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ურბანულ დასახლებებში, სადაც უფრო და უფრო უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტად ხდება საჭირო, მოქალაქეებმა, საკუთარი ინიციატივებით, აქტიური მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობისა და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი.

20 ნოემბერს “ღია საზოგადოების ფონდმა” კონკურსის – “საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ გამარჯვებული ოთხი პროექტი წარადგენა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში განხორციელდება.

როგორც “ღია საზოგადოების ფონდის” მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის მენეჯერმა, თინიკო ბოლქვაძემ გამარჯვებული პროექტების წარდგენისას განაცხადა, ქაოტური განაშენიანება და ჰაერის დაბინძურება იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ჩვენს ქალაქებში ყოველდღიურად ვაწყდებით. მისი თქმით, ამ პრობლემების თავი და თავი გაუმართავი საკანონმდებლო ბაზაა. ამას ემატება მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილებებიც, რომლებიც საჯარო ინტერესებს საერთოდ აცდენილია. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობისა და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი.

“ქაოტური განაშენიანება, არასათანადო ინფრასტრუქტურა, ჰაერის დაბინძურება,- ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ყოველდღიურად ვხვდებით ჩვენს ქალაქებში, სადაც ბოლო ათწლეულია ცხოვრება წარმოუდგენელია. ალბათ, პირველ რიგში ამ პრობლემების თავი და თავი არის საკანონმდებლო სივრცის დერეგულირება, რასაც ემატება მუნიციპალიტეტების გადაწყვეტილება, რომელიც საერთოდ აცდენილია საჯარო ინტერესს. ამასათან, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ არის ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა და საბოლო ჯამში, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თუმცა, ჩვენდა საბედნიეროდ ჩნდებიან აქტივისტები, რომლებიც იბრძვიან საკანონმდებლო სივრცის გაუმჯობესებისთვის, აწყობენ დემონსტრაციებს, სხვადასხვა აქციებს და აღწევენ გარკვეულ წარმატებას, თუმცა, ცოტა მეტი შედეგი რომ მივიღოთ და ამასთან, მხარი დავუჭიროთ ამ საკითხებზე მომუშავე აქტიურ ჯგუფებს, ამისთვის გამოვაცხადეთ კონკურსი, რომელიც ამ პრობლემების მოგვარებისკენ არის მიმართული”, – განაცხადა თინიკო ბოლქვაძემ.

მისივე თქმით, “ღია საზოგადოების ფონდი” კონკურსის გამოცხადებისას სამ ძირითად პრობლემაზე – მდგრად ურბანულ განვითარებასა და განაშენიანების პოლიტიკაზე, მწვანე პოლიტიკასა და საჯარო სივრცეების განაშენიანებისგან დაცვაზე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მდგრად პოლიტიკაზე კონცენტრირდა.

საბოლოოდ, გამარჯვებული პროექტების მიზანს საჯარო სივრცეების ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ახალგაზრდა მწვანეები პროექტი, რომელიც 4 გამარჯვებულ პროექტს შორის მოხვდა, დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში “რივიერას” კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, ბათუმში გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერებას ითვალისწინებს.

“პროექტი დიღმის ტყე-პარკის პროტესტის ერთგვარი გაგრძელებაა, ჩვენ გვქონდა სამთვიანი კამპანია, რის შედეგადაც ამ ეტაპზე იქ მშენებლობა შეჩერებულია და მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ვაპირებთ, დიღომში, ტყე-პარკთან დაკავშირებით მუშაობა გავაგრძელოთ. ჩვენი მიზანია, გავააქტიუროთ მოსახლეობას, მათთან ერთად შევადგინოთ ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულად ამ თემაზე საკრებულოსთან და გამგეობასთან ერთად იმუშავებენ.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ გავზარდოთ მოქალაქეების ჩართულობა და არა – ჩვენი, როგორც აქტივისტების. გვგონია, რომ ჯობია, მოსახლეობა გახდეს აქტიური, მათში გავაჩინოთ ის განცდა, რომ თუ მათ ტერიტორიაზე უსამართლობა ხდება, უნდა იაქტიურონ და ამით შეცვალონ მდგომარეობა.

რაც შეეხება პროექტის მეორე მიმართულებას, ეს არის ბათუმის “რივიერა”. გვსურს, ბათუმში იმ აქტიურ მოქალაქეებს ინფორმაციის სწორად გავრცელებაში დავეხმაროთ, რომლებიც მშენებლობას აპროტესტებენ, თუმცა, რაოდენობრივად ჯერ ბევრნი არ არიან და მშენებლობის წინააღმდეგ ვერ მიდიან. მათ უნდა იცოდნენ, როგორ გადასცენ თავიანთ მეზობლებს და მეგობრებს, თუ რა ხდება ბათუმში. მიუხედავად იმისა, რომ თანაინვესტიციით პროექტში 73 მილიონია ჩადებული, უნდა ვაჩვენოთ მოსახლეობას, რომ ეს, რეალურად, ბათუმისთვის არ კეთდება, უნდა გაუჩნდეთ მათაც განცდა, რომ ეს მშენებლობაბევრად უფრო მეტ პრობლემას აჩენს, ვიდრე ერთი არასწორი მშენებლობა და ცათამბრჯენია. ჩვენ უნდა შევქმნათ ქსელი და თბილისსა და ბათუმში “რივიერას” მშენებლობა პარალელურად გავაპროტესტოთ. დარწმუნებული ვარ, რომ, მოსახლეობასან ერთად, ამ მშენებლობას გავაჩერებთ”, – განაცხადა “ახალგაზრდა მწვანეების” წევრმა მიშო ჯიბლაძემ.

მეორე გამარჯვებული პროექტი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალს ეკუთვნის, ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევას, ხარვეზების გამოვლენასა და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავებას ითვალისწინებს. პროექტით, ასევე, დაგეგმილია ეკოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდის ხელშეწყობა.

“როცა ვმუშაობდით და გვქონდა შეხვედრები მწვანე სივრცეებთან დაკავშირებით, პირველი, რასაც კითხულობდნენ, იყო – “ეშველება ბათუმს?”, ანუ, მწვანე სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა, ეს ის მწვავე საკითხებია, რომელიც ბათუმში მკაფიოდ დგას, ქალაქში ამ კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა.

ჩვენ ავირჩიეთ 2 მიმართულება. პირველი ის, რომ ფაქტობრივად წლებია ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტს არ აქვს ერთიანი ბაზა, თუ რა სკვერს, პარკს, რეკრეაციულ სივრცეს ფლობს და არ აქვს, ასევე, სტატუსიანი სკვერები და პარკები; აქვს რეკრეაციული სივრცე, მაგრამ საკრებულოს გადაწყვეტილებით, ვიცით, რომ ამ სივრცეს, შეიძლება, ერთ დღეს უბრალოდ აღარ ჰქონდეს სტატუსი. ამ პრობლემას შევეჩეხეთ, როდესაც რეკრეაციული სივრცეს სტატუსი შეუცვალეს, შემდეგ გაასხვისეს და ააშენეს 24-სართულიანი შენობა და სწორედ ამ დროს აღმოვაჩინეთ, რომ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობა უვლის 20-მდე სკვერს თუ პარკს, აქედან 70%-ზე მეტს არ აქვს აღნიშნული სტატუსი. ამიტომ, როცა დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, გადავწყვიტეთ, რომ პირველ რიგში, გაგვეანალიზებინა, სად ვართ დღეს ჩვენ სკვერებისა და პარკების მიმართულებით, ასევე, გაგვენალიზებინა, ბოლო 5 წლის განმავლობაში რამდენ სივრცეს/ზონას შეეცვალა სტატუსი. ჩვენ  2012 წლიდან მოვახდენთ ანალიზს მიწათსარგებლობის გეგმის სტატუსის ცვლილებებთან დაკავშირებით. აღნიშნული მიმართულებით ვმუშაობთ, როგორც მოწვეულ ექსპერტებთან ეთად, ასევე, მუნიციპალიტეტთთან.

ამასთან, სტატუსის ცვლილებისას მერიას ყოველთვის უწერია, რომ ეს არის კონკრეტულად რომელიმე ინვესტორის ან მენაშენის ინიციატივა, რომ ეს რეკრეაციული სივრცე გადაიქცეს საზოგადოებრივ სივრცედ, დასაბუთება არის მხოლოდ ეს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ შესაძლებლობები და ვთქვათ, როგორ უნდა დაიგეგმოს ქალაქი. სტატუსის ცვლილებისთვის არ არის მხოლოდ კერძო პირის ინიციატივა საკმარისი, ამისთვის საჭიროა უფრო მრავალმხრივი პროცესის წარმოება.

მეორე მიმართულება, რომელიც ავირჩიეთ, ეს არის საზოგადოების იმ აქტიური საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სივრცეების გადასარჩენად, ეს იქნება “რივიერა” თუ სხვა. ბათუმში არის 14 უბანი და, ფაქტობრივად, რამდენიმე უბანს საერთოდ არ აქვს სკვერი და დასასვენებელი სივრცე. აღნიშნულ სამოქალაქო ჯგუფებს ჩვენ დავეხმარებით, რომ გამოვძებნოთ ქალაქში ისეთი სივრცეები და ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება სკვერის, პარკისა თუ დასასვენებელი სივრცის მოწყობა”, – განაცხადა “სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” ბათუმის ფილიალის წევრმა, ნათია აფხაზავამ.

მესამე პროექტი – “გადავარჩინოთ მთაწმინდა” – საინიციატივო ჯგუფს ეკუთვნის და ის მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავებას, სასამართლოში დავის წარმოებას, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვასა და მშენებლობის შესაჩერებლად საჭირო ღონისძიებების გატარებას მოიცავს.

“ჭოველიძის ქუჩის ბოლოში, მთაწმინდის კლდეზე, უკვე ღობის ჭრა დაიწყეს და უზარმაზარი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპირებენ. ჩვენ გვჭირდება გრანტი იმისთვის, რომ გვქონოდა კვალიფიციური დასკვნები ქალაქგეგმარების, გეოლოგიის, საგზაო სპეციალისტის და დაგვეწყო სასამართლო პროცესი, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გაგვიმარტივებს ბრძოლას და მოგვცემს საშუალებას, მოსახლეობას უკეთ ავუხსნათ, თუ რატომ არის სახიფათო ეს მშენებლობა.

მადლობა უნდა გადავუხადოთ ფონდებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც გვეხმარებიან სამოქალაქო აქტივისტებს, ან თავისით იღებენ წვლილს იმაში, რომ გამოსწორდეს ვითარება. მათი უმეტესობა უანგაროდ აკეთებს ამას, თუმცა, რესურსი არის მწირი და მსგავსი დახმარებები ძალიან შეგვიწყობს ხელს, რომ ჩვენი მუშაობა ეფქეტური იყოს და შედეგს მივაღწიოთ. ეს სტიმული გახდება სხვებისთვისაც. უკვე გვაქვს მსგავსი მაგალითი, დღეს სრულიად უანგაროდ ვარკეთილის სკვერში სადღეღამისო მორიგეობა აქვთ ადგილობრივებს და ეს, ფაქტობრივად, არის ვაკის პარკის აქტივიზმის ერთ-ერთი გამოძახილი”, – ამბობს საინიციატივო ჯგუფის წევრი ნატა ფერაძე.

მეოთხე გამარჯვებული პროეტი, რომელიც ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრს ეკუთვნის, ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების კამპანიაზე იმუშავებს.

“ჩვენი პროექტის მთავარი მიმართულება იქნება, რომ ოზურგეთში შევეცადოთ ადგილობრივ თვითმმართველობას გამოვაყოფინოთ ბიუჯეტში თანხები ქალაქ ოზურგეთის გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ წუთას ოზურგეთში დგას. ასევე, ამ მიმართულებით დაგეგმილი გვაქვს კვლევის ჩატარება და ადვოკატირების კამპანია, რომელმაც საკმაოდ დიდ შედეგამდე უნდა მიგვიყვანოს”, – განმარტავს “ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის” წარმომადგენელი გრიგოლ მახარაძე.

პროექტები, რომლებიც “ღია საზოგადოების ფონდის” მონაწილეობითი დემოკრატიის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა, უახლოეს ხანში დაიწყება. droa.ge თითოეული მათგანის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.