კალაძე: სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე, არ მახსოვს

803

მედიის კითხვაზე, უყურა თუ არა ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა: „სად მაქვს ფილმის ყურების დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ესეც კი არ მახსოვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სამართალდამცავები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს“,-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეულ ჯგუფებს საპროტესტო აქციები აქვს დაგეგმილი.

„ქართული მარში“ იმუქრება, რომ გეი სიყვარულზე ფილმის პრემიერა არ შედგება. „ქართული მარშის“ გარდა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი 8 ნოემბერს ყველა იმ კინოთეატრთან მობილიზებას გეგმავს, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

მთავარი პროტესტის ობიექტად კი აქტივისტი კინოთეატრ „ამირანს“ ასახელებს. ფილმის ჩვენებას კიდევ ერთი ჯგუფი გააპროტესტებს. ბიზნესმენ ვასაძის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე პრემიერის ჩაშლით იმუქრებიან, ვერის ბაღში 16:00 საათზე, ბათუმში კი 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ”-ის პრემიერა წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

ფილმის მონაწილე მსახიობი კი კანის ფესტივალის ერთ-ერთ აღმოჩენად აღიარეს. გეი სიყვარულზე გადაღებული ქართულ-შვედური ფილმი „ოსკარზეც“ წარადგინეს. თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები ბილეთები სრულად არის გაყიდული. პრემიერა 20:00 საათზეა დაგეგმილი.

ტრეილერი შეგიძლიათ, ამ ბმულზე ნახოთ.