ფოთში, ხელფასის მოთხოვნით, საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული 40-მდე ადამიანი გაიფიცა

34

ფოთში, საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებული 40-მდე ადამიანი გაიფიცა, ისინი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. მათ პრეტენზია ერთ-ერთ ქვეკონტრქტორ კომპანიასთან აქვთ, რომელიც მათივე მტკიცებით, ისე გაქრა, რომ მუშებისთვის კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხდია.

“უკვე რამდენი ხანია გვატყუებენ, ზოგს ოთხი, ზოგს ხუთი თვის ხელფასი არა აქვს აღებული. არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, უბრალოდ გვინდა ჩვენი ნამუშევარი მივიღოთ. ყველას პრობლემები გვაქვს, ზოგს ავდმყოფი ჰყავს ოჯახში, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ყველამ ფეხებზე დაგვიკიდა. სათავო ოფისში გვითხრეს ქვეკონტრაქტორ კომპანიას, რომელმაც ჩვენ დაგვიქირავა, შესაბამისი თანხა გადავუხადეთო, მუშებს კი არ დაურიგდა ფული, რომლებიც დილიდან საღამომდე ფიზიკურად მუშაობენ“- განაცხადა აქციის მონაწილე ჯუმბერ ჯგერენაიამ.

ფოთში საკანალიზაციო სისტემის სამუშაოებს თურქული კომპანია ახორციელებს. აღნიშნული პროცესი ქალაქში რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა მაშინ სამუშაოებს სხვა ფირმა ასრულებდა, რომელმაც ტენდერით დაკისრებული მოვალეობა ვერ შეასრულა და მუშაობა შეწყვიტა. ფირმის წარმომადგენლები ჟურნალისტების სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

აქციის მონაწილეებს კომპანია TAHAL GROUP-ში უპასუხეს. მათი განმარტებით, დავალიანება არა მათ, არამედ კომპანია „იოლ იაფის“ უნდა მოსთხოვონ, რადგან ისინი მათ მიერ არიან დაქირავებული.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ ეს თანხა მოთხოვონ იმ კომპანიას, რომელთანაც ისინი მუშაობენ, ეს არის , „იოლ იაფი“, რომელიც არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი. ჩვენ შეგვიძლია შუამდგომლობა გავუწიოთ აქციის მონაწილეებს, მოვაწყოთ შეხვედრა და შევახვედროთ კომპანიის წარმომადგენლებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს კომპანია TAHAL GROUP-ის წარმომადგენელმა მოშე ტურსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში საკანალიზაციო სისტემის მშენებლობას ჰოლანდიური კომპანია TAHAL GROUP აწარმოებს. გრუნტის დამუშავება და მილების ჩადება 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და ხეკშეკრულების მიხედვით 2020 წელს უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის ღირებულება 89 943 800 ლარს შეადგენს, მას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.