გორის სოფელ ბერშუეთის სკოლას ახალი სპორტული დარბაზი აქვს

33

საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის მოსწავლეები ახალ სპორტულ დარბაზში ივარჯიშებენ.

სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის „ძლიერები არ ძალადობენ – სპორტი ბულინგის წინააღმდეგ“ ფარგლებში განხორციელდა.

“სპორტული აუქციონიდან შემოსული თანხით, საოკუპაციო ზოლთან მდებარე სოფელ ბერშუეთის სკოლის სპორტული დარბაზი განახლდა. გადაიხურა და აღიჭურვა გათბობის სისტემით და სპორტული ინვენტარით. დარბაზში გამოიცვალა სპორტული ინვენტარი. დამონტაჟდა ახალი შვედური კედლები, ფრენბურთის ბადე, კალათბურთის ფარები, შესაბამისად დაიხაზა იატაკი. დარბაზის გასახდელებისა და პედაგოგის ოთახის რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელდა. გორის მერიის მიერ მიმდინარე წელს მოხდა ბერშუეთის სკოლის ეზოს შემოღობვაც. დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე ბავშვებთან ერთად იმყოფებოდნენ ორგანიზატორები, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სხვადასხვა ფედერაციის წარმომადგენლები და წარმატებული სპორტსმენები”, – განმარტავენ მერიაში.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ სკოლას საჩუქრად ახალი ტატამი და ფანჯრების დამცავი ბადე გადასცა. უწყებისგან მოზარდებმა კალათბურთის და ფრენბურთის ბურთები, გადასაცმელები და სხვადასხვა სპორტული ინვენტარი მიიღეს.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ ძიუდოს ფედერაციასთან ერთად, სკოლის ყველა მოსწავლეს სპორტული ტანსაცმელი – ახალი კიმონოები ჩაუტანა. საჭიდაო ფინკები და ბაგირი ბავშვებს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელებმა ბექა როყვამ და ლადო გეგეშიძემ და ჭიდაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ გადასცეს.