ბათუმის საკრებულოში მერიის მიერ ახალი სამსახურის შექმნის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

86

ბათუმის საკრებულოში მერიის მიერ ახალი სამსახურის შექმნის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში “ქართული ოცნების” აქტივისტები დასაქმდებიან და ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები დაიხარჯება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“აგვიხსნან, თუ ძველი თანამშრომლები იყვნენ არაკვალიფიციურები, აქამდე რატომ გააჩერეს, თუ კარგად ასრულებდნენ მოვალეობას, მაშინ რა საჭირო ახალი სამსახური და დამატებითი თანხები ბიუჯეტიდან? პასუხი ვერ მივიღე, რამდენი დაიხარჯება. წინასაარჩევნოდ ახალი სამსახური იქმნება „ოცნების“ აქტივისტების დასასაქმებლად“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

საკრებულოში “ქართული ოცნების” წევრი ნატალია ზოიძე ოპოზიციის წევრებს დემაგოგიაში ადანაშაულებს.

“სულ წინასაარჩევნო პერიოდი აკერიათ პირზე, არის თუ არა ეს დრო. ამათ რომ ყური ვუგდოთ, ქალაქში აღარაფერი უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა ნატალია ზოიძე.

ბათუმის მერიის იურდიული სამსახურის უფროსი ნუკრი დეკანაძე აცხადებს, რომ მერიის ახალი ა(ა)იპ-ი ეფექტურად იმუშავებს და საზედამხედველო ფუნქციებს განახორციელებენ.

ნუკრი დეკანაძის ინფორმაციით, სამსახური შესაბამისი ტესტირების გავლის შემდეგ დაკომპლექტდება, მერიის ძველი სამსახურის თანამშრომლები კი კონკურსს გაივლიან. მისივე ინფორმაციით,სულ 180 ადამიანი დასაქმდება.

მისივე თქმით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში მერიის 8 სამსახური გაერთიანდება, რომლებიც საზედამხედველო ფუნქციებს ასრულებდნენ. სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ფორმებით, პლანშეტებით და ავტომობილებით აღიჭურვებიან.

საკითხი ხმაურის ფონზე დამტკიცდა.