თურნავა: გვირჩევნია, საბიუჯეტო რესურსი სოციალურ პროგრამებზე, გზების მშენებლობაზე მივმართოთ და სამთავრობო შენობების აშენებაზე ნაკლები დავხარჯოთ

618

სამთავრობო ქალაქის აშენების საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაანონსებულ პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც თბილისში, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის აშენებას უკავშირდებოდა.

თურნავას თქმით, ბიუჯეტს ამ ეტაპზე სხვა პრიორიტეტები აქვს.

“დღეის მოცემულობით სხვა პრიორიტეტები გვაქვს. გვირჩევნია, ჩვენი საბიუჯეტო რესურსები მივმართოთ პენსიებისკენხელფასებისკენ, სოციალური პროგრამებისკენ, გზების მშენებლობაში და ნაკლები დავხარჯოთ სამთავრობო შენობების აშენებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, მისი თქმით, სამთავრობო ქალაქები ბევრ ქვეყანაში შენდება, თუმცა საქართველოში, ამ ეტაპზე, ეს საკითხი არ განიხილება.

“არის ბევრი ქვეყანა, სადაც მთავრობები ცალკე აშენებენ სამთავრობო ქალაქებს, რათა სტრუქტურები ერთად დასხდნენ, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არ განიხილება“ –  განაცხადა ნათია თურნავამ.