ცქიტიშვილი: თბილისი-რუსთავის გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, მხოლოდ მოლაპარკების გზით შევთანხმდებით

81

წინა სტატია

თბილისი-რუსთავის არსებულ გზაზე ხდება ახალაშენებული მონაკვეთის დაერთება, ხოლო რაც შეეხება იმ მონაკვეთს, სადაც მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რა თქმა უნდა, მხოლოდ კონსულტაციისა და მოლაპარკების გზით შევთანხმდებით, – ასე უპასუხა დღეს თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტრის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.

ვიცეპრემიერის თქმით, ამ პროექტის შესახებ არაერთხელ განმარტა, რომ პრობლემა მხოლოდ ერთ მონაკვეთს ეხება, ხოლო იქ, სადაც მოსახლეობა არ აპროტესტებს ავტობანის გაყვანას, სამუშაოები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

“ბევრჯერ გვინახავს საპროტესტო აქციები, ქალები ბავშვებთან ერთად როგორ უშლიდნენ ხელს სამშენებლო ტექნიკას. ვინაიდან არ ვემხრობით ძალისმიერ მეთოდებს, გადაწყვიტეთ კონკრეტულად ამ მცირე მონაკვეთზე შეგვეჩერებინა სამუშაოები, რადგან აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ვადაშიც ფიზიკურად ვეღარ მოესწრებოდა ამ სამუშაოს შესრულება, სხვა მონაკვეთებზე კი, სადაც მუშაობა შესაძლებელია, მშენებლობა მიმდინარეობს,“ – თქვა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-რუსთავის ავტობანის პროექტის ფარგლებში, ფონიჭალის მოსახლეობის ნაწილი საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს.