ხვალიდან თბილისში „ისუზუს“ მარკის 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

857

დედაქალაქის მოსახლეობას 60 ISUZU-ს მარკის ახალი 8-მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.

პრეზენტაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, „ჯი-თი გრუპ“-ისა და „ისუზუს“ (ISUZU) მწარმოებელი თურქული კომპანია „ანადოლუ გრუპის“ (Anadolu Group) წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

თბილსის მერის თქმით, დედაქალაქში ამ დროისთვის შემოსულია 60 ერთეული ავტობუსი, ხოლო დანარჩენი, ეტაპობრივად, წლის ბოლომდე შემოვა. პროექტის მთლიანი ღირებულება კი, 64 790 000 ლარს შეადგენს.

220 ერთეული „ისუზის“ მარკის ავტობუსი, რომელიც 53 მგზავრზეა გათვლილი, აქვს 21 დასასხდომი ადგილი და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის, მუნიციპალური ავტოპარკის განახლების მიზნით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეისყიდა.

ავტობუსში განთავსებულია როგორც უსადენო ინტერნეტის (wifi)  მოდემი, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის ინტერნეტ  სიგნალით დაფარვას, ასევე არის თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირებისა და ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი სისტემები. ავტობუსის სალონში დამონტაჟებულია ანტივანდალური  ვიდეომონიტორინგის სისტემა და მობილური ტელეფონის დასატენად კვების წყარო.

ძველი ავტობუსების ახალი ავტობუსებით შეცვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება. უკვე ცნობილია მარშრუტები, რომლებზეც „ისუზის“ მარკის 36 ერთეული ავტობუსი გადანაწილდება. პირველად, 12 ძველი „ბოგდანი“ N34 წყნეთი – სადგურის მოედნის მარშრუტზე შეიცვლება. რამდენიმე დღის ინტერვალით კი, ახალი ავტობუსები შემდეგ მარშრუტებზე გავლენ: N28 – სვანეთის უბანი – მარჯანიშვილის მოედანი – 4 ერთეული; N42 – იყალთოს გორა – ბარათაშვილის ქუჩა – 4 ერთეული; N56 – ორხევი – მეტროსადგური „ისანი“ – 5 ერთეული; N66 – სადგურის მოედანი – შატბერაშვილის ქუჩა (ზემო ვაკე) – 3 ერთეული; N78 – სადგურის მოედანი – ჯაფარიძის ქუჩა (ზემო ვერა) – 4 ერთეული; N108 – სოფ. გლდანი – მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ – 4 ერთეული.