თბილისს 2020 წელს დღგ-ის განაწილებით მისაღები თანხის მოცულობა უმცირდება

679

შემდეგი სტატია

თბილისს 2020 წელს დღგ-ის განაწილებით მისაღები თანხის მოცულობა თითქმის სამ მილიონამდე უმცირდება – ამის შესახებ 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი.

ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ მომავალ წელს თბილისი მუნიციპალიტეტებში გასანაწილებელი დღგ-ის 19%-იდან 46,30%-ს მიიღებს, რაც, თანხობრივად, 470 608.9 ათასი ლარია. წელს ეს თანხა 50.01%-ს, ანუ 473 415.2 ათას ლარს შეადგენდა, რაც, მომდევნო წელთან შედარებით, 2 806.3 ათასი ლარით მეტია.

მიუხედავად ამისა, დედაქალაქს, ერთად აღებულ სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, დღგ-იდან კვლავაც ყველაზე მეტი დაფინანსება ერგება.

რას შეეხება დანარჩენ თვითმმართველ ქალაქებს, 2020 წელს 150 ათასით ნაკლებს მიიღებს ბათუმი, რომელიც დღგ-ის 19%-იდან მხოლოდ 4,70%-ით, ანუ 47 803,3 ათასი ლარით დაფინანსდება; წელს ეს თანხა 47 953.6 ათას ლარს შეადგენდა.

თითქმის ორმილიონნახევრით მეტს მიიღებს ქუთაისი, რომელიც დღგ-ის 19%-იდან 3,48%-ს, ანუ 35 368,1 ათას ლარს მიიღებს. ეს თანხა წელს 32 935.3 ათას ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება რუსთავს, მისი დაფინანსება მომდევნო წელს 5 მილიონით გაიზრდება. ეს ქალაქი დღგ-ის 19%-იდან 2,65%-ს, ანუ 26 953.6 ათას ლარს მიიღებს. წელს რუსთავის დაფინანსება 21 562.9 ათას ლარს შეადგენდა.

850 ათასით იზრდება ფოთის დაფინანსება. ის დღგ-ის 19%-იდან 0,42%-ს, ანუ 4 248.1 ათას ლარს მიიღებს. წელს ფოთი 3 398.5 ათასი ლარით ფინანსდებოდა.

ჯამში, 2020 წელს მუნიციპალიტეტების მიერ დღგ-ის 19%-იდან მისაღები შემოსავლები 1 016.5 მლნ ლარის ოდენობით არის პროგნოზირებული, რაც, წლევანდელთან შედარებით, თითქმის 70 მილიონით მეტია. დღგ-ის 19%-ის განაწილება მუნიციპალიტეტებზე საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით დადგენილი წესით ხდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესი, ფისკალური დეცენტრალიზაციის მოტივით, შარშან შეცვალა – გააუქმა გათანაბრებითი ტრანსფერი, საშემოსავლო გადასახადი სრულად ცენტრალურ ბიუჯეტში მიმართა, ხოლო თვითმმართველობებს დღგ-ის სახით მიღებული შემოსავლების 19%-ის განაწილება დაუდგინა.