ობოლ და მშობლის უფლებაშეზღუდულთა ბავშვებისთვის გორის მერია წელს 30 000 ლარს გამოყოფს

530

ობოლ და მშობლის უფლებაშეზღუდულთა ბავშვებისთვის გორის მერია წელს 30 000 ლარს გამოყოფს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთჯერადი 1000-ლარიანი დახმარება უკვე 27 ბავშვზე გასცა. საუბარია იმ ბავშვებზე, რომელსაც გარდაცვლილი ჰყავს დედ-მამა ან მის რომელიმე მშობელს ეს უფლება სასამართლოს მიერ შეზღუდული აქვს.

სოციალური სამსახურის უფროსის, დავით ჩიხრაძის განმარტებით, ამ დახმარებისთვის წელს ბიუჯეტიდან 30 000 ლარია გამოყოფილი, საიდანაც 90% უკვე გახარჯულია.

“27 000 ლარი უკვე გავეცით დედ-მამით ობოლ ბავშვებზე და იმ არასრულწლოვნებზე, რომელთა მშობლებსაც ეს უფლება შეზღუდული აქვთ და მინდობით აღზრდაში იმყოფებიან. ერთჯერადი დახმარება 1000 ლარს შეადგენს, ამისთვის კი ბავშვი მეურვემ მერიის სოციალურ სამსახურს საჭირო საბუთებით უნდა მიმართოს. ასეთი ბავშვები სოფლებში უფრო არიან, იქიდან გამომდინარე, რომ იქ მოსახლეობაც მეტია მთლიანობაში, ქალაქთან შედარებით. 3000 ლარიღა გვაქვს აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილი თანხიდან. თუ უფრო მეტი იქნება მომართვიანობის რიცხვი, გვაქვს ნაშთიც და იქიდან გავცემთ ამ დახმარებას”, – აღნიშნა დავით ჩიხრაძემ.