ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევას იწყებს

98

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი საცხოვრისის ბენეფიციართა შერჩევას იწყებს. საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, მერია ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს, რომლის თანახმადაც განცხადებების მიღება დაიწყება, ასევე, დაკონკრეტდება იმ დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც იაფ სახლში ფართების მიღების მსურველებმა უნდა წარადგინონ. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, ტენდერის გზით შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც ბენეფიციარების გამოვლენას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, ბათუმის მერია შერჩეულ ბენეფიციარებს ბინებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით გადასცემს. ოჯახებს კი ქონების გამოსასყიდლად 15 წლიანი პერიოდი მიეცემათ.

“განსაზღვრული იქნება 15 წლიანი პერიოდი, რომლითაც ბენეფიციარებს სახლები სარგებლობის უფლებით გადაეცემა. აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ აჭარის მთავრობას გადაეგზავნება წინადადება ქონების მოქალქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით” – განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კოპინაძემ.

ბენეფიციარებს სოციალურ სახლში, ბათუმის მერიაში წლების განმავლობაში დაგროვებული 3 ათასამდე განცხადებიდან შეარჩევენ.

ბათუმის მერიამ გასულ წელს დაასრულა იმ კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელსაც აღნიშნულ კორპუსში ბინების მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ. დოკუმენტი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ანალიზის ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი პუნქტი ოჯახების შემოსავალს ეხება. როგორც ცნობილია, ერთ სულიანი ოჯახის შემოსავალი 400-დან 1 200 ლარამდე უნდა მერყეობდეს . ორ სულიანის 400 დან 1 800 ლარამდე, 3 სულიანის კი 600 დან 2 400 ლარამდე.

გარდა ამისა, კრიტერიუმების თანახმად, ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა გააჩნდეს სტაბილური სამსახური. ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან მიწის ნაკვეთი.

ბათუმში, ჯავახიშვილის 78 ნომერში, იაფი სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ მშენებელმა კომპანიამ მილიონ ნახევარი ლარი მიითვისა და გაუჩინარდა. მშენებლობა 2019 წელს განახლდა. მერია 2019 წლის ბოლომდე 2 ხუთ სართულიან სახლს ააშენებს.