აუდიტი: მივლინებების და შვებულების დროს საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხით საწვავს ყიდულობენ

891

სახელწიფო აუდიტმა სამინისტროების ავტოპარკის მართვის და რეგულირების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საჯარო მოხელეები საბიუჯეტო თანხებს საწვავში მაშინ ხარჯავდნენ, როცა მივლინებებში იყვნენ ან შვებულებით სარგებლობდნენ.

სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2017 წლის 1 იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. აუდიტმა შინაგან საქმეთა სამინისტრო; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეამოწმა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებაში ყოფნისას, 7 ორგანიზაციაში გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 44 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 1 633 ლიტრი საწვავი. ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შესაფერისი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პერიოდებში ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა.

განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებელე პირების ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას, 5 ორგანიზაციაში გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 158 შემთხვევა და სულ ჩასხმულია 5 946 ლიტრი საწვავი, როდესაც აღნიშნული მივლინების ბრძანებებით მოსარგებლე პირის ტრანსპორტირებისთვის გადაადგილების სხვა საშუალება იყო გამოყოფილი.

შვებულებაში ყოფნისას, 10 ორგანიზაციაში − ავტომანქანების საწვავით გამართვის 673 შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც ჩასხმულია 23.902 ლიტრი საწვავი. საგულისხმოა, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია პოლიციელის შვებულების შეწყვეტა და სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება. ასევე, არსებობს თანამდებობრივი რანგები და ისეთი პასუხისმგებლობით დატვირთული თანამდებობები, რომელთა უსაფრთხოებიდან და სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, საჭიროებენ მუდმივად ავტომობილის ფლობას, მიუხედავად მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების დროებით შეჩერებისა.

აუდიტის დასკვნის თანახმად, შესაბამისად, გარკვეულ ნაწილში შესაძლებელია საწვავის ხარჯვა ემსახურებოდეს სამსახურებრივ მიზნებს, თუმცა შვებულებაში მყოფი პირისთვის სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტომობილის გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი და საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც უფლებას დართავდა გარკვეულ პირთა წრეს ესარგებლათ შვებულების პერიოდშიც სამსახურებრივი ავტომობილით, არ არსებობს.

გარდა ამისა, 13 ორგანიზაციაში, 83 განპიროვნებულ ავტომობილზე სამუშაო დღეებში ფიქსირდება რეგიონებში საწვავით გამართვის 401 შემთხვევა − 15 098 ლიტრის ოდენობით, იმ დროს, როცა ავტომობილით მოსარგებლე პირები არ იმყოფებოდნენ მივლინებაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაასკვნა, რომ ორგანიზაციების მიერ შვებულება-მივლინების პერიოდში ავტომობილის საწვავით გამართვის მიზანშეწონილობაზე კონტროლის მექანიზმები სუსტია, არსებობს საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.

სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციით, სახელმწიფო კომისიას და ავტოპარკით მოსარგებლე ორგანიზაციებს შვებულება-მივლინების პერიოდში თანამშრომლებზე განპიროვნებული ავტომობილების გამოყენების მიზანშეწონილობის კონტროლის მიზნით, ორგანიზაციებმა სამთავრობო კომისიასთან მჭიდრო კოორდინაციით, დანერგონ კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს ქონებისა და სხვა რესურსების მიზნობრივ გამოყენებას.

ასევე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქმიანობის შეუფერხებლად და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განახორციელონ ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, გარკვეული გამონაკლისების დასაშვებად, რომელიც შესაძლებელს გახდის და დაადგენს იმ პირთა წრეს, ვინც შეიძლება ისარგებლოს განპიროვნებული ავტომობილით სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ან მივლინებაში ყოფნის მიუხედავად.