ესპანელი ჟურნალისტები აჭარაზე სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ

536

აჭარაში უცხოელი ჟურნალისტების მოწვევა გრძელდება. ამჟამად, რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ესპანელი ჟურნალისტები ამზადებენ. ქალაქის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობების დათვალიერების შემდეგ კი ისინი ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და მთიან აჭარას ეწვევიან, – აცხადებენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, წელს, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟები, სტატიები და ბლოგები მეზობელი ქვეყნების გარდა ისრაელში, ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში გამოქვეყნდა. აჭარას ვრცელი სტატიები მიუძღვნა ისეთმა ცნობილმა გამოცემებმა, როგორებიცაა Vogue, “კოსმოპოლიტანი“, “ფორბსი“, Emerging Europe. საერთაშორისო ტელეკომპანია “ევრონიუსმა“ კი ბათუმზე საინტერესო რეპორტაჟი მოამზადა.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მათი ორგანიზებით წელს აჭარაში ჯამში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა იმოგზაურა.

“მიმდინარე კვირას, რეგიონს ჟურნალისტები არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან და ქუვეთიდანაც ეწვევიან. მედია-ინფოტურები რეგიონში წლის ბოლომდე გაგრძელდება”, – განმარტავენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.