საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს სკოლა, შენობის ავარიულობის გამო, დაიხურა

419

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეს საბაზო სკოლაში, 16 სექტემბერს, სწავლა არ დაიწყება. ამის მიზეზი ავარიული შენობაა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

60 მოსწავლე, 2019-2020 სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს, სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში ივლიან, – ამბობს სკოლის დირექტორი შოთა ფილდიშვილი.

„რეგიონული განვითარების ფონდი ხარჯთაღრიცხვას ამზადებს და ველოდებით დასკვნას. ქერეს სკოლის შენობას ან რეაბილიტაცია ჩაუტარდება ან ახალი აშნდება. ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში გვეცოდინება. სოფელი უკვე გაფრთხილებულია და ბავშვებმაც იციან, რომ მერეთის სკოლაში მოუწევთ სწავლა“- აცხადებს ფილდიშვილი.

ქერეს საჯარო სკოლის შესახებ მასალა Qartli.ge-ზე ჯერ კიდევ გასულ, 2018 წელს გამოქვეყნდა. საჯარო სკოლების შემოწმების შემდეგ, გორის რესურსცენტრმა დასკვნა მოამზადა. ამ დასკვნის მიხედვით, ქერეს საჯარო სკოლა სავალალო მდგომარეობაში იყო.