ცქიტიშვილი: წყალმომარაგება კვლავ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, პრიორიტეტად რჩება

125

წყალმომარაგება კვლავ რჩება ჩვენს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად და შესაბამისად, პრიორიტეტად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმაპარლამენტში ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ არსებობს განსაკუთრებულად პრობლემური რეგიონები, თუმცა ხარვეზები ფიქსირდება ასევე იქ, სადაც წყალმომარაგების ქსელია, რადგან მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება.

“არაერთხელ აღმინიშნავს, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნის წყალმომარაგება. გვაქვს განსაკუთრებულად პრობლემური რეგიონები, რომელთა ძალიან მცირე ნაწილს აქვს წყალმომარაგება. თუმცა, იქაც კი, სადაც მოწყობილია ქსელი, წყალი მოსახლეობას ხშირად მოეწოდება გრაფიკით, ხოლო წყლის ხარისხი არ შეესაბამება სასმელი წყლის სტანდარტს.

,კიდევ უფრო მწვავედ დგას წყალმომარგების საკითხი მცირე დასახლებებსა და სოფლებში. 2019 წელს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაიწყო პროექტების განხორციელება ასეთ სოფლებში. ვგეგმავთ ადგილობრივი თვითმართველობების ფინანსური და პროფესიული შესაძლებლობების გაზრდას, რათა მათ ადგილზე დამოუკიდებლად შეძლონ სისტემების გამართვა და ტექნიკური მხარდაჭერა,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისი განცხადებით, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ერთად, წყლის ინფრასტრუქტურის პოლიტიკა და რეგიონებში წყლის ინფრასტრუქტურის მართვის საპილოტე მოდელი მუშავდება.

“მართვის ნაწილში ვხედავთ “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ რესტრუქტურიზაციისა და საერთაშორისო ინვესტორების ან მმართველი კომპანიის შემოყვანის აუცილებლობასაც, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ აზიის განვითარების ბანკთან ერთად,“ -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი ინფორმაციით, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2019 წელს “გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ბიუჯეტი 31 პროცენტით გაიზარდა. კომპანიის დაფინანსება გაიზრდება მომავალ წელსაც, ასევე მიმდინარეობს მუშაობა დონორებთან ახალი პროექტების დაფინანსებისთვის.