ვინ იქნებიან “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატები ლანჩხუთში

170

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. „ქართულ ოცნებაში“ უკვე ასრულებენ მაჟორიტარ კანდიდატთა სიის შედგენას. ეს პროცესი თითქმის დასრულებულია ჩოხატაურსა და ოზურგეთში. გამონაკლისი ლანჩხუთია, სადაც ამ დრომდე ვერ მოხერხდა კანდიდატთა უმრავლესობაზე შეჯერება.

როგორც გვითხრეს ამის მიზეზი გამგებლის კანდიდატურის არარსებობაა – გადაწყვეტილია, რომ მოქმედ გამგებელს ზაზა ურუშაძეს შანს მეორეჯერ არ მისცემენ. ამ პოსტის დაკავება კი მმართველის პარტიის „ლანჩხუთის ორგანიზაციის“ აღმასრულებელ მდივანს ალეკო სარიშვილს და ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს შოთა ჩხაიძეს სურს. თუმცა, ორივე მათგანის შანსები ამ დროის მონაცემებით საკმაოდ მცირეა და შესაბამისად, სხვა კანდიდატის ძიების პროცესი მიმდინარეობს.

სანამ ლანჩხუთში გამგებლის კანდიდატის შეარჩევენ, მანამ ჩვენთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება ის სია, რომელიც „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის ოფისში ცოტა ხნის წინ შედგა და რომლიდანაც კანდიდატები უნდა აირჩიონ. ჩვენი ინფორმაციით, ამ სიიდან რამდენიმე მათგანი გადაწყვეტილია და შეცვლას არ ექვემდებარება, თუმცა არის სოფლები, სადაც წარსადგენ კანდიდატებზე ჯერ კიდევ მსჯელობენ.

ამ სიის თანახმად, უკვე დაზუსტებულია, რომ  ნიგვზიანში „ქართული ოცნება“ ბესო ტაბიძის კანდიდატურას დააყენებს;  შუხუთში – კაკო იმნაიშვილის კანდიდატურა განიხილება, თუმცა, არ არის გამორიცხული აქ კანდიდატი შეცვალონ; ჩიბათში გიორგი ჩახვაძის კანდიდატურის წარდგენაზე ფიქრობენ; სუფსაში – ბესიკ კუპრაძის კანდიდატურის დაყენებაზე მსჯელობენ; გვიმბრალაურში – ცისანა ურუშაძის კანდიდატურას განიხილავენ; გადაწყვეტილია, რომ ჩოჩხათში „ქართულ ოცნებას“ ალეკო სარიშვილი წარადგენს; ასევე გადაწყვეტილია აკეთის მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა – იგი გოგი მორჩილაძეა.

„ოცნება“ ნინოშვილში წარსადგენად გვანცა ჩხარტიშვილის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ; მამათში ორი კანდიდატურა განიხილება –  კახა ურუშაძე და ოთარ პატეიშვილი; ასევე ორი კანდიდატურაა დასახელებული აცანაში – ემზარ თედორაძე და იზა მათითაიშვილი; ანალოგიური სიტუაციაა სოფელ ლესაშიც, სადაც არჩევანი ელისო ჭიჭინაძეს და დავით  ლომაძეს შორის უნდა გააკეთონ.

გადაწყვეტილია, რომ ქალაქ ლანჩხუთში „ქართული ოცნება“ გიგა გვარჯალაძეს დააყენებს.

ამ ეტაპზე გაურკვეველია ნიგიოთში, მაჩხვარეთში, წყალწმინდაში და ჯურუყვეთში წარსადგენი კანდიდატების ვინაობა – „ოცნებას“ ამ სოფლებში სამ-სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული და არჩევანს, როგორც გვითხრეს, ამ დღეებში გააკეთებენ..

ჩვენი ინფორმაციით, ლანჩხუთში, მაჟორიტარების კანდიდატებზე საბოლოოდ 10 დღეში შეჯერდებიან და პარტიის ცენტრალურ ოფისში დასამტკიცებლად წარადგენენ.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყება პარტიული სიის შედგენა, რომელიც, როგორც პროცესები ცხადყოფს უხმაუროდ არ ჩაივლის – ჩვენი წყაროს თქმით, ათეულში მოსახვედრად „ლობისტების“ ძიება ლანჩხუთელ “მეოცნებეებს” უკვე დაწყებული აქვთ.

წყარო: გურიანიუსი