“არა ტოტალიზატორს სკვერში” – მოსახლეობა თამარაშვილის სკვერის საზღვართან დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებს

2394

თბილისში, სადაც მწვანე სივრცეები ლამის ყოველდღიურად ქრება და ამაზე, მოსახლეობასთან ერთად, განცხადებებით თითქოს პოლიტიკოსებიც წუხან, თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკის გამგეობის სკვერის საზღვართან შემორჩენილ მცირე მიწის ნაგლეჯზე, სულ მალე სამორინე და სათამაშო კომპანია „ლიდერ-ბეთი“ მასშტაბურ მშენებლობას დაიწყებს და ამ სამორინეს უკანა ეზოდ გადაქცევა ემუქრება სკვერს, სადაც დღეს ბავშვები თამაშობენ.

მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი ამ ერთადერთი მწვანე ზონის შენარჩუნების მოთხოვნით ადგილობრივი მოსახლეობა დღეს, 17 ივლისს, აქციას გეგმავს – “არა ტოტალიზატორს სკვერში”, რომ ამით მერიას კიდევ ერთხელ გააგონონ საპროტესტო ხმა, შემდეგ კი სამართლებრივი დავით შეეცდება, მშენებლობა არ დაუშვას.

არქიტექტურის სამსახურში კი droa.ge-ს განუცხადეს, რომ მშენებლობა სკვერში არ იგეგმება, ეს არის სკვერის საზღვართან და მიწა კერძო საკუთრებაშია.

თბილისის მერიამ მშენებლობის პროექტზე თანხმობა 10 ივლისს უკვე გასცა, 18 ივლისი კი ბოლო ვადაა, როცა მშენებლობის ნებართვაც უნდა გაიცეს და მოსახლეობა და ამ პროცესში ჩართული იურისტები დარწმუნებულები არიან, რომ 18-ში მშენებლობის ნებართვაც გაიცემა. პროექტში წერია, რომ 1 601 კვ/მ-ზე აშენდება მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა, ოფისი, მიწის ზევით 4 სართულით, რომელსაც მიწის ქვევით 2-სართულიანი პარკინგი ექნება. დამკვეთია შპს “ლიდერ-ბეთ სლოტი”.

მოსახლეობის თქმით, მაშინ, როცა თბილისის მერი მთავრობის ყველა სხდომაზე აცხადებს, რომ მწვანე და სარეკრეაციო ზონა მნიშვნელოვანია, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობას ერთადერთი მწვანე ზონა არ უნდა წაართვას.

“მშენებლობის ნებართვის გაცემა უმოკლეს ხანშია დაგეგმილი, რისი დაშვებაც იქნება მოსახლეობის ბრძოლის, მათი ინტერესების უგულებელყოფა. სარეკრეაციო სივრცის განაშენიანება და აზარტული თამაშების მხარდამჭერი შენობის აღმართვა მნიშვნელოვნად გააუარესებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. შემოგვიერთდი აქციაზე სკვერის განაშენიანების გასაპროტესტებლად და დაგვიჭირე მხარი. საჯარო და სარეკრეაციო სივრცეები ყველასია!”- წერია მოწოდებაში, რომელიც “ფეისბუქით” გავრცელდა.

მოსახლეობასთან ერთად, ამ პროტესტში ჩართულები არიან იურისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები.

იურისტი ანანო ცინცაბაძე, რომელიც “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წარმომადგენელია და მოსახლეობას მხარდაჭერას უცხადებს, ამბობს, რომ  საკმაოდ მოცულობითი, მასშტაბური შენობაა და ის რეალურად რა ფუნქციას მიიღებს და რა დატვირთვა ექნება, არ იციან.

“მშენებელს ფართო დისკრეცია აქვს, უნდა სლოტ-კლუბს განათავსებს, უნდა – სამორინეს, უნდა – სამორინეს სამართავ ოფისს”, – ამბობს იურისტი.

მისი თქმით, მოსახლეობა და მისი ორგანიზაციაც ეწინააღმდეგებიან ამ მშენებლობას სამი ძირითადი მიზეზის გამო:

პირველი – ნაგებობა იქვე არსებულ სკვერთან მომიჯნავედ შენდება და რეალურად, სკვერი ამ შენობის უკანა ეზოდ გადაკეთდება;

მეორე – მშენებლობის პროცესში შეუძლებელი იქნება ამ სკვერით სარგებლობა; ეს სკვერი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცეა საჭირო ფუნქციით, არა მარტო სამეზობლოსთვის, არამედ საბურთალოზე მაცხოვრები სხვა ქუჩის მოსახლეობისთვისაც, იმიტომ, რომ ამ ტერიტორიაზე ერთადერთი გამწვანებული სივრცეა და ყველა ვერ ახერხებს, გავიდეს ქალაქიდან და ისე დაისვენოს.

მესამე – ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თვითონ მოსახლეობა ეწინააღმდეგება ამ შენობის ფუნქციურ დანიშნულებასაც.

“ბავშვები ჰყავთ, ახალგაზრდები ცხოვრობენ და არავის უნდა, სამორინე თამაშების მავნე ზეგავლენა იყოს ასეთი აქტიური და ინტენსიური ზუსტად მათი საცხოვრებლის პირდაპირ. ეს ისედაც უნდა გაეთვალისწინებინა მერიას, როცა გეგმარებას აკეთებდა, როცა ირგვლივ განაშენიანებული საცხოვრებლებია, რამდენად კეთილგონივრულია, სამორინე განთავსდეს ზუსტად საცხოვრებლების მომიჯნავედ”,- აცხადებს ანანო ცინცაბაძე.

გარდა ამისა, ცინცაბაძე ამბობს, რომ წლებია, ეს ტერიტორია საჯილდაო ქვადაა ქცეული.

“ლიდერ-ბეთს” კომპანია “ვისოლის” დამფუძნებელი და დირექტორი სოსო ფხაკაძე ფლობს. 2016-17 წლებში ამ ტერიტორიაზე 15-სართულიანი ბიზნეს-კომპლექსის მშენებლობა დაიგეგმა, მაშინ მოსახლეობამ  დიდი წინააღმდეგობა გაუწია და არ ააშენებინა. თუმცა, ამ წლის მაისში შედარებით შემცირებულ, მაგრამ მაინც მასშტაბურ მშენებლობაზე შევიდა მოთხოვნა მერიაში და ამჯერად მერიამ არ გაითვალისწინა მოსახლეობის მრავალრიცხოვანი წერილობითი მიმართვები, მათ შორის, არც სამართლებრივი დასაბუთება პირდაპირი და ირიბი ზიანის, არც პეტიცია და არც მერთან შეხვედრის არაერთი მოთხოვნა. ამიტომაც დღეს ამ ტერიტორიაზე აქცია დავგეგმეთ. მერიას  სრული ინფორმაცია აქვს, რა არგუმენტები აქვს მოსახლეობას ამ სკვერთან დაკავშირებით, მაგრამ ამ არგუმენტების, საჯარო ინტერესების სრული იგნორირება მოხდა, რაც დამატებით მეტ პროტესტს იწვევს ამ საზოგადოებაში”,- ამბობს ცინცაბაძე.

თამარაშვილის ეს საჯილდაოდ ქცეული სკვერი საბჭოთა დროს ბევრად დიდ გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავდა, ის იყო ფიზიკის ინსტიტუტის ეზო. ანანო ცინცაბაძის თქმით, წლების განმავლობაში ეს სივრცე შეიჭამა – ვაკის გამგეობის შენობა არასწორად აშენდა; ასევე, ამ ტერიტორიაზე აშენდა “ემ კვადრატის” 2 კორპუსიც. ახლა კი, რაც დარჩენილია, იმასაც ასეთი მშენებლობით ემუქრებიან.

“სკვერსა და “ემ კვადრატის” 2 კორპუსს შორის დარჩენილია მიწის მცირე ნაგლეჯი, რომელიც გასხვისდა და სწორედ ამ ტერიტორიაზე იგეგმება მშენებლობა. ეს არის საჯარო სივრცე, სარეკრეაციო სივრცე, გამწვანებული პარკი, შიგნით საბავშვო მოედანია – დასვენებისა და გაჯანსაღების ადგილი. აუცილებელი არ არის, სარეკრეაციო ზონა ჰქონდეს მინიჭებული, ძალიან მნიშვნელოვანია მისი ფუნქცია და ის, თუ რა დატვირთვით იყენებს ამას მოსახლეობა. მთელი ეს აქტივობები დაგეგმილია მოსახლეობის მიერ. მათ ცალკე კომუნიკაცია ჰქონდათ მათი უბნის მაჟორიტართან, ვატო შაქარიშვილთანაც, ის დაპირდა დახმარებას და გვერდით დგომას. გამგებელთანაც აქვთ კომუნიკაცია, ითხოვდნენ, რომ ქალაქის მერს პოზიცია დაეფიქსირებინა, მაგრამ არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. კახა კალაძესთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, მაგრამ უთხრეს, რომ ამის დაგეგმვა ძალიან რთულია. ერთადერთი, ვინც 17 ივნისის აქციას გამოეხმაურა, იყო არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, რომელმაც თქვა, რომ სკვერს არაფერი არ დაემუქრება. ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ეს პირობა, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის, არ სრულდება – სკვერს ემუქრება მშენებლობა”,- აცხადებს იურისტი.

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში პასუხად აცხადებენ, რომ პროექტი შეთანხმებული, თუმცა, ეს სკვერის ტერიტორიას არ ეხება.

“ფაქტია, რომ ეს არის კერძო ტერიტორია. მესაკუთრეს აქვს უფლება, თავის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოითხოვოს მშენებლობის ნებართვა. ამის შემდეგ სამსახური იკვლევს, კანონმდებლობით რამდენად შესაძლებელია ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება, ახლა ეს პროცესი მიმდინარეობს.

“ადრე კომპანიას სურვილი ჰქონდა, მაღალსართულიანი შენობა აშენებულიყო, ამ ეტაპზე პროექტი შეთანხმებულია და ის ეხება 4-სართულიან შენობას. იურიდიულად მშენებლობის ნებართვა ჯერჯერობით არ არის, პასუხი უნდა იყოს 18-ში. ამიტომ ამაზე მეტს ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ. ვადასტურებ, რომ სკვერს არაფერი ემუქრება, უბრალოდ, სკვერის მომიჯნავედ არის კერძო ტერიტორია.

ფუნქციურად შემოტანილია საოფისე შენობის პროექტი, ამიტომ შინაარსობრივად ფუნქციაზე – სამორინე იქნება თუ არა, ვერაფერს გეტყვით. არსებობს ზონები, სადაც დასაშვები ფუნქციური სახეობა არის ჩამოთვლილი და შინაარსობრივად ვერ შევალთ. არქიტექტურის სამსახური მსჯელობს იმასთან დაკავშირებით, მოქმედი კანონმდებლობით და ზონირებით, რამდენად  შესაძლებელია ესა თუ ის ობიექტი განთავსდეს და კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას”, – განუცხადეს droa.ge-ს არქიტექტურის სამსახურში.