აწყურში, სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის კანკელი აღმოაჩინეს

86

დღეს, ცხრა ივლისს, აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, სავარაუდოდ, კანკელის ფრაგმენტი აღმოაჩინეს. კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსის, გიორგი გაგოშიძის თქმით, ფილაზე ღვთისმშობლის მიძინების სცენაა გამოსახული. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

“სავარაუდოდ, ეს არის კანკელის ფილა. მაღალმხატვრული ჩუქურთმითა და რელიეფური პლასტიკით. გამოსახულია ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რაც ტელეფონში გადმოგზავნილი ფოტოთი ვნახე, ეს შემიძლია გითხრათ. სავარაუდოდ, მე–11 საუკუნის ნამუშევარია”, – განმარტავს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი, გიორგი გაგოშიძე.

ხელოვნებათმცოდნე ფილის აღმოჩენას ქართული ხუროთმოძღვრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას უწოდებს: “მსგავსი მაღალმხატვრული კანკელი იშვიათობაა. სავარაუდოდ, დიდი ოსტატის გაკეთებულია. დაახლოებით, ამ ტიპის ექსპონატი აქამდე გვქონდა იყალთოსა და საფარაში. უფრო დეტალურად ადგილზე ნახვის შემდეგ გეტყვით“.

აწყურის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისას შუა საუკუნეების ნაეკლესიარის და აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისის შემდეგ, უკვე მესამე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა.

აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაცია უკვე მესამე წელია, მიმდინარეობს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ამოყვანილია კედლები და სრულდება აღმოსავლეთ ფასადის მშენებლობა, რომელიც საკურთხეველის მხარეა. აღნიშნულ ფასადს ზუსტად ისეთი ფორმით აღადგენენ, როგორიც X-XI საუკუნეებში იყო. ტაძრის შიდა ნაწილში უკვე ამოყვანილია ექვსივე სვეტი.