მერია: საფრანგეთის განვითარების სააგენტო ორ უმნიშვნელოვანეს პროექტს დააფინანსებს

83

საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის ექსპერტებს მოავლენს, რომლებიც დედაქალაქისთვის ერთი წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ იმუშავებენ,-ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძისა და AFD-ის გენერალური დირექტორის მოადგილის ბერტრან ვალკენერის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

თბილისის მერიიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხრიდან ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დაფინანსებაზე ისაუბრეს, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის მიმართულებას მოიცავს, მეორე კი თბილისის სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებას.

კერძოდ, საფრანგეთის განვითარების სააგენტო თბილისში, ერთი წლის განმავლობაში,  ტრასპორტის პოლიტიკის კუთხით მაღალკვალიფიციურ ექსპერტებს გამოგზავნის, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან, როგორც კვალიფიკაციის ამაღლებაში, ისევე ცალკეული პროექტების დაპროექტებაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და დიზაინის კუთხით. ასევე, ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართულები სატრანსპორტო გენერალური გეგმის განხორციელების პროცესში, რაც თავის მხრივ, ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან.

გარდა ამისა, საფრანგეთის განვითარების სააგენტო დააფინანსებს თბილისში სანიაღვრე ქსელის კვლევას და ჩაერთვებიან მრავალწლიანი გეგმის შემუშავებაში , რათა წყალმოვარდნების შემთხვევაში, თავიდან იქნეს აცილებული ქუჩებისა და სახლების დატბორვის საფრთხე, მოეწყოს წინასწარი ადრეული შეტყობინების სისტემები და სწორად დაიგეგმოს შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

“საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათი მხრიდან დაფინანსდება ორი უმნიშვნელოვანესი პროექტი, ერთი ტრანსპორტის ექსპერტიზის, მეორე კი – სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელების მოწესრიგების მიმართულებით. ვფიქრობთ, მომავალში უფრო აქტიური იქნება თანამშრომლობა, რომელიც ექსპერტიზაზე და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა მერის მოადგილე მაია ბითაძემ.