პრემიერმა გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა

977

თბილისის ბოტანიკურ ბაღში გაიმართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გარემოსდაცვით ომბუდსმენად დევიდ მორისონი წარადგინა. გარემოსდაცვითი ომბუდსმენის ინსტიტუტი პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაში იქნება.

პრემიერმინისტრის თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გარემოსდაცვითი პრინციპებია, შემოდის ახალი ინსტიტუტი, რომლის მთავარი საზრუნავი გარემოსდაცვითი საქმიანობა იქნება. ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი ქვეყანას დაეხმარება, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი საქმიანობა ახალ დონეზე აიყვანოს. მისივე თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულების განმავლობაში გატარებულ უპასუხისმგებლო გარემოსდაცვითი პოლიტიკის შედეგებს ებრძვის.

“ბოლო ათწლეულების განმავლობაში წარმოებულმა სრულიად უპასუხისმგებლო პოლიტიკამ, გარემოსდაცვითი პრინციპების და ინტერესების იგნორირებამ ჩვენ ძალიან მძიმე შედეგები მოგვცა და ჩვენ ვებრძვით ამ შედეგებს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება, სადაც ჩართული იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქე, სამოქალაქო საზოგადოება, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ამ საქმით დაკავებული“, – განაცხადა პრემიერმა.

ომბუდსმენი გარემოსდაცვით საკითხებში მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ფიგურა იქნება, რომელსაც ეყოლება საკითხების განმხილველი სამდივნო, სადაც მოხდება ცალკეულ აქტუალურ გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობა.

ღონისძიების მსვლელობისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ომბუდსმენის ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ “მწვანე პოლიტიკის“ ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ომბუდსმენი რეკომენდაციებს მოამზადებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. მიიღებს მონაწილეობას საჯარო განხილვებში და გაუწევს კონსულტაციებს დაინტერესებულ პირებს.

“დევიდ მორისონი მრავალწლიან საქმიანობას სამართლებრივ და ფინანსურ საკითხებზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ეწეოდა, 2008 წლიდან კი, საქართველოში აქტიურად ჩაერთო გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებაში. 2008 -2016 წლებში, დევიდ მორისონი ხელმძღვანელობდა კავკასიის ბუნების დაცვის ფონდს (CNF). სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა მნიშვნელოვანი პროექტები დაცული ტერიტორიების (ვაშლოვანის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მტირალას ეროვნული პარკი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი) ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიმართულებებით.

პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა დაცულ ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანების შესაძლებლობები. განახორციელა მნიშვნელოვანი ინიციატივა – დაცული ტერიტორიების თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევა“, – აცხადებენ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.