გოდერძის უღელტეხილზე ზარზმა-ხულოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო

49

გოდერძის უღელტეხილზე ზარზმა-ხულოს საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყო. 47–კილომეტრიანი მონაკვეთის მოასფალტებისთვის 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია 47 კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. ასევე, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის უღელტეხილზე მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

“ხულო-ზარზმის განახლებული გზა, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონებს უმოკლესი გზით დააკავშირებს ერთმანეთთან. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა. განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება.

აღნიშნული პროექტი ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, განავითარონ საოჯახო ბიზნესი, სასტუმროები და ტურიზმის მომსახურებისთვის საჭირო ბიზნესი აწარმოონ.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) აფინანსებს. პროექტის ჯამური ღირებულება 110 210 777 ლარს შეადგენს. სამუშაოების დასრულება 2020 წლის ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი“, – განმარტავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.