კალაძე: ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია

892

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საკუთარ მოადგილეებს მეტროსადგურებში არსებული პრობლემების დროულად მოგვარებისკენ მოუწოდა.

“ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ერთი წელი გავიდა და “ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად”, – განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მეტროსადგურ “ავლაბარში“ სამუშაოების არსებული პროექტით წარმოება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია და მეტროსადგურების რეაბილიტაციის ყველა პროექტი გადასახედია.

მერიის გადაწყვეტილებით, თბილისის მეტროს რეაბილიტაცია განსხვავებული სტანდარტით მოხდება, რისთვისაც სატრანსპორტო კომპანია არქიტექტორების და დიზაინერების ჯგუფთან ერთად იმუშავებს.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ,“ვარკეთილის“, “გურამიშვილის“, “ავლაბრისა” და “გოცირიძის“ მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე ტენდერი ხელახლა გამოცხადდება.