ჯავახეთის ეროვნულ პარკში ეკო-ტურისტული კოტეჯები აშენდება

171

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში კიდევ ერთი ახალი საგრანტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც, ჯავახეთის ეროვნულ პარკში, კარწახის ტბის მიმდებარედ ორი ახალი ეკო-ტურისტული კოტეჯი აშენდება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად 113 772 ლარი გამოიყოფა.

“ეკო-ტურისტული კოტეჯების მშენებლობა ვიზიტორებს პარკის ტერიტორიაზე განთავსების ახალ შესაძლებლობას შესთავაზებს. აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს ჯავახეთის ტურისტული პოტენციალისა და მიმზიდველობის ზრდას.

პროექტის საერთო ღირებულება 113 772 ლარს შეადგენს, საიდანაც 73 950 ლარი წარმოადგენს ENPARD – ის პროგრამის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის“ მიერ გამოყოფილი მიზნობრივი გრანტის ოდენობას, ხოლო დარჩენილი 39 820 ლარის თანადაფინანსებას დაცული ტერიტორიების სააგენტოს სახელით მოახდენს “კავკასიის ბუნების ფონდი“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში,

ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ვალერიან მჭედლიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მერსი ქორფსის“ მისიის დირექტორმა ირაკლი ქასრაშვილმა, ამავე ორგანიზაციის ფინანსურმა დირექტორმა მარიამ ეპიტაშვილმა და კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ჯაკომინიმ მოაწერეს.