ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს

146

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

ტაქსის მძღოლებმა რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სადგურის მოედანზე შეიკრიბნენ და რუსთაველზე, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა მოაწყეს. აქციის ერთ- ერთი ორგანიზატორის ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, თუკი ხელისუფლება დაწესებულ რეგულაციებს არ გააუქმებს, შესაძლოა, “ტაქსისტების რევოლუციაც“ მოხდეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

“ჩვენ არ დავუშვებთ, რომ კახა კალაძის და ბიძინა ივანიშვილის ტანდემმა ტაქსების სფეროში სრული მონოპოლია დაამყაროს და ეს ადამიანები გაწიროს შიმშილისთვის. ხელისუფლების მიზანია, ამ გამოგონილი რეგულაციებით ტაქსის მძღოლები აიძულოს წავიდნენ ბაზრიდან და დარჩნენ მშივრები. მოვითხოვთ გაუქმდეს ტაქსების იძულებითი გადაღებვის რეგულაცია, რაც არის ხელმიუწვდომელი, რაც არის მანქანის დამაზიანებელი, საკუთრების უფლების შემლახავი და პირდაპირი ტერორი. მონოპოლიის დამყარების მცდელობაა ხელისუფლების მხრიდან“, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტაქსების მიმდინარე რეფორმაზე ისაუბრა. მერმა აღნიშნა, რომ ლიცენზიის ორი მიმართულება იქნება. მისი თქმით, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლებს აქვთ ვალდებულება, ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი. ამასთან, A კატეგორიის ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მუნიციპალიტეტისგან უფასოდ გადაეცემათ სპეციალური მანათობელი. რაც შეეხება B კატეგორიის ლიცენზიანტებს, მათ არ აქვთ არანაირი ვალდებულება, არც ტაქსის გადაღებვისა და არც მანათობლის დაყენების. მათ შესაძლებლობა აქვთ, “ტაქსიფაის“ და “უბერის“ სისტემაში გაერთიანდნენ და ამ სისტემით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.

შეგახსენებთ, რომ ტაქსის მძროლებმა მიმდინარე რეგულაციებია რამდენიმე დღის წინ თბილისის მერიასთანაც გააპროტესტეს, რაზეც თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ ტაქსების რეფორმის გაპროტესტება მერიისთვის მიუღებელია.