თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა

2570

საერთაშორისო კვლევით პორტალზე Numbeo-ზე გამოქვეყნებული დანაშაულისა და უსაფრთხოების ინდექსების შესაბამისად, 2019 წლის მონაცემებით, თბილისი მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 15 ქალაქს შორის დასახელდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

Numbeo-მ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად 337 ქალაქის უსაფრთხოება და კრიმინალური ინდექსები გამოიანგარიშა. უსაფრთხოების ძალიან მაღალი და ძალიან დაბალი კრიმინალური ინდექსის მქონე ქალაქებიდან, თბილისთან ერთად მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქებს შორის მიუნხენი, ციურიხი, ჰონგ-კონგი, აბუ-დაბი და ოსაკა დასახელდა.

გასული წლის ანალოგიური კვლევით, თბილისი 327 ქალაქს შორის მე-16 ადგილზე იყო. წელს თბილისში დანაშაულის დონე შეფასებულია მაჩვენებლით – ძალიან დაბალი (15,64); ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებლითაა შეფასებული ავტომანქანების გატაცება (10,73), თავდასხმა, შეიარაღებული ძარცვა (16,86) და სხვა.

თბილისში პიროვნების უსაფრთხოების ინდექსი დღის საათებში 91,4, შეფასებულია როგორც ძალიან მაღალი, ხოლო იგივე ინდექსი ღამის საათებში – 78,18, შეფასებულია როგორც მაღალი.

საერთაშორისო კვლევითი პორტალი “Numbeo” მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნებსა და ცალკეულ ქალაქებში ცხოვრების პირობების, მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვის, საგზაო მოძრაობის, დანაშაულისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს.