რატომ შეჩერდა ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტი – ნარმანია მიზეზებს განმარტავს

619

„ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე- მცენარის შენარჩუნება“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის შეჩერების შესახებ. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოყვებოდა.

„უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის მიერ გუშინ  გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა ხელოვნურად შეაჩერა და ამის მიზეზი  კერძო მესაკუთრე იყო.  გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზანმიმართულად  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.კერძოდ, საუბარია ცინცაძე-კარტოზიას  ესტაკადის მშენებლობაზე. რომლის პროექტიც მერიას კერძო კომპანიამ წარმოუდგინა. სამუშაოების დაწყებამდე  დაგეგმილი იყო  ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით,  გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა. უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87  ხე- მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით,  პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება ხეების შენარჩუნების მიზნით, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის  პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერის თქმით, პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან.

რაც შეეხება წინასწარ ავანსის გადარიცხვას, დავით ნარმანიას განცხადებით, ავანსი არის შესაბამისი საბანკო გარანტიით გაცემული, რაც საბიუჯეტო თანხის დაკარგვას გამორიცხავს და უახლოეს დღეებში თანხა კომპანია „ზიმოს“ მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნდება.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, მდინარე ვერეს ხეობაში ესტაკადა უნდა აშენებულიყო, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კომპანია ზიმო, რომელსაც ეს ესტაკადა უნდა აეშენებინა და პარალელურად, საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხეები გადააქვს, საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს.

მათივე ცნობით, თბილისის მერიამ ფირმა ზიმოს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ახალი ესტაკადის ასაშენებლად ერთი მილიონი ლარი, ერთ წლის წინ გადაურიცხა, თუმცა, ადგილზე ახლაც მხოლოდ აბრაა.

როგორც ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტში იყო აღნიშნული, ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი კი საქართველოს ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილია. ტერიტორია, სადაც გზამ უნდა გაიაროს, მას ეკუთვნის და თბილისის მერიას არ აძლევს.

წყარო: გურიანიუსი