რა შეიცვალა ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ

1520

7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის თემამ, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გორშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გორელების ნაწილი საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 2014 წელს დაწყებულმა რეფორმამ და 7 მუნიციპალიტეტის გაყოფამ არ გაამართლა, რადგან გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები, გაერთიანება კი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საზოგადოების დიდი  ნაწილი, რომელთა აზრითაც,  მუნიციპალიტეტების გაერთანება ქვეყნის დეცენტრალიზაციისა და განვითარების შემაფერხებელია, გაერთიანება ბიუჯეტის თანხის შემცირებას და  მისი განკარგვის არაეფექტურობას გამოიწვევს, თანხა მუნიციპალიტეტის ყველა საჭიროებას ვერ მოერგება, ვინაიდან ქალაქს და სოფელს განსხვავებული პრობლემები და საჭიროებები აქვს და, საბოლოოდ, დაზარალებული მოსახლეობა აღმოჩნდება.

მთავრობის ინიციატივის მოწინააღმდეგეთა უკმაყოფილებამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა ქალაქ გორის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოების წევრთა უმრავლესობამ მუნიციპალიტეტების გაერთიანების იდეა მოიწონა. უკმაყოფილოთა  ერთი ნაწილი სოციალურ ქსელში აქტიურობდა, მეორენი ადგილობრივ ტელევიზიებში გამოთქვამდნენ პროტესტს, მოქალაქეთა ნაწილმა კი ქალაქის ქუჩები და ხალხმრავალი ადგილები გაერთიანების მომხრე საკრებულოს წევრთა ფოტოებით ააჭრელა სახელწოდებით – ,,ამ ადამიანებმა გორს ქალაქის სტატუსი წაართვეს“.  ზოგიერთ საკრებულოს წევრს ეს ფოტოები სახლთანაც გაუკრეს.

საკუთარი მოსაზრებების გამამყარებელი არგუმენტები ორივე ჯგუფს აქვს. ერთ-ერთი არგუმენტი 2014 წლის რეფორმამდე არსებული ბიუჯეტის თანხის ოდენობა და განაწილებაა.

რა ცვლილებები მოიტანა 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმამ ბიუჯეტებისთვის, ამისი განხილვა droa.ge-მ გორის მაგალითზე, ქალაქ გორის და გორის სათემო მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საფუძველზე, გადაწყვიტა.

ხელისუფლების ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ქალაქების გაუქმება გადაწყდა, ის არის, რომ რეფორმის შედეგად, არ გაზრდილა ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლები. თავად რეფორმის ავტორები აცხადებენ, რომ 2014 წელს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის მთავარი მიზანი შემოსავლების გაზრდა არ იყო და რეფორმის უმთავრეს ამოცანას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება, მეორე მხრივ კი, ქალაქების ურბანული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. მათი თქმით, მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდისთვის უმთავრესი ფისკალური დეცენტრალიზაციაა, რაც 2012 წლიდან დღემდე, საქართველოს ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, არ განახორციელა.

ამის მიუხედავად, ექსპერტები ამბობენ, რომ გაყოფილ მუნიციპალიტეტებში საკუთარი შემოსავლების ზრდის ტენდენცია მაინც დაფიქსირდა. შესაბამისად, ხელისუფლების ეს არგუმენტი თვითმმართველი ქალაქების გასაუქმებლად ვერ გამოდგება.

როგორი იყო გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები 2013 წელს, ქალაქ გორის და გორის სათემო მუნიციპალიტეტებად გაყოფამდე და როგორია 2 წლის შემდეგ – 2016 წელს, ორ მუნიციპალიტეტად გაყოფის შემდეგ?

ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შედარებით ირკვევა, რომ რეფორმის შემდეგ გორის მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების ზრდამ, ტრანსფერისა და გრანტების გარეშე, 59,9% შეადგინა. კერძოდ:

რეფორმის დაწყებამდე ერთი წლით ადრე, გორის გაერთიანებული მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 32 100,8 ათას ლარს შეადგენდა.

საკუთარი შემოსავლები, გათანაბრებითი ტრანსფერის (11 901,9 ათ. ლარი) ჩათვლით, 17 770,6 ათ. ლარი იყო, აქედან ადგილობრივმა შემოსავლებმა კი 5 868,7 ათ. ლარი შეადგინა;

გრანტების თანხამ 26 497,1 ათ. ლარი შეადგინა, საიდანაც ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერი 14 330,2 ათ ლარი იყო;

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გორის გაერთიანებულმა მუნიციპალიტეტმა 2013 წელს 12 289,6 ათ. ლარი მიიღო, ხოლო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებულმა თანხამ 2 040, 6 ათ. ლარი შეადგინა.

რეფორმიდან 2 წლის შემდეგ, მხოლოდ ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 19 040,1 ათ. ლარი იყო;

საკუთარმა შემოსავლებმა, გათანაბრებითი ტრანსფერის (9 311,0 ათ. ლარი) ჩათვლით, 15 859,7 შეადგინა, საიდანაც ადგილობრივი შემოსავლები 6 546,9 ათ. ლარი იყო;

გრანტების თანხამ 12 491,4 ათ. ლარი შეადგინა. აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდებიდან ქალაქმა გორმა 2 970,4 ათ. ლარი მიიღო;

რაც შეეხება გორის თემის მუნიციპალიტეტს, მისი 2016 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 19 173,7 ათ. ლარი იყო;

საკუთარმა შემოსავლებმა, გათანაბრებითი ტრანსფერის ( 10 205,6 ათ. ლარი) ჩათვლით, 13 046,2 შეადგინა. აქედან ადგილობრივი შემოსავლები 2 840,6 ათ. ლარი იყო;

გრანტების თანხამ 2016 წელს გორის თემის მუნიციპალიტეტში 16 333,1 ათ. ლარი შეადგინა. აქედან რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტი  –  3 816,8 ათ. ლარით, ხოლო  სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან – 2 204,8 ათ. ლარით დაფინანსდა.

ამ შედარებიდან ირკვევა, რომ 2014 წლის თვითმმართველობის რეფორმის შემდეგ გაყოფილი მუნიციპალიტეტების – ქალაქ გორისა და გორის თემის მუნიციპალიტეტების  ბიუჯეტების, საკუთარი შემოსავლების და გრანტების ჯამი  გაზრდილია რეფორმამდელ მონაცემებთან შედარებით. საკუთარი შემოსავლების ზრდამ, ტრანსფერისა და გრანტების გარეშე კი, 59,9% შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქი გორი ერთ-ერთია იმ მცირე მუნიციპალიტეტებს შორის, ვინც 2017 წელს მონაწილეობითი ბიუჯეტი შეადგინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შედგენასა და პრიორიტეტების ჩამოყალიბებაში ქალაქის მოსახლეობამ მიიღო მონაწილეობა. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში 2017 წელს 900 000 ლარი გამოიყო, რომელიც მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება.

პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წელს ქალაქი გორი, თეთრიწყაროს და საჩხერის მუნიციპალიტეტებთან ერთად, სამოქალაქო ბიუჯეტირების განვითარების საუკეთესო გეგმისთვის სპეციალური სერთიფიკატითაც დაჯილდოვდა.

ექსპერტები ამბობენ, რომ, ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რაც მუნიციპალიტეტების გაყოფამ მოიტანა, სოფლისა და ქალაქის თანაბარ ვითარებაში ჩაყენებაა. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებში, სადაც ქალაქის ტიპის და სასოფოლო დასახლებები ერთადაა თავმოყრილი, მაგალითად, კასპის, ქარელისა თუ ხაშურის მუნიციპალიტეტებში, ბიუჯეტების უმეტესი ნაწილი ქალაქის საჭიროებებს ხმარდება, ხოლო სოფლებში პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტის მხოლოდ მცირე ნაწილი მიდის.

ამიტომაც, გორის გაყოფამ თვითმმართველ ქალაქად და სათემო მუნიციპალიტეტად, სხვა სიკეთეებთან ერთად, სოფლებისთვის მეტი შესაძლებლობები გააჩინა, ვინაიდან მათ საკუთარი ბიუჯეტი და პროექტების განხორციელების საშუალება გაუჩნდათ.

ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რეფორმის შესაფასებლად 2 საბიუჯეტო წელი საკმარისი არ არის და გრძელვადიან პერსპექტივაში 2014 წელს განხორციელებული ტერიტორიული რეფორმა გაცილებით მეტ შედეგს მოიტანდა.

როგორ შეიცვლება ქალაქ გორის და გორის სათემო მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებით ქალაქისა და სოფლების მდგომარეობა, ამას მომავალი გვიჩვენებს. ხელისუფლება პირობას დებს, რომ გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი იგივე დარჩება და პროექტების განხორციელებაც არ შეფერხდება. თუმცა, ექსპერტები ამ დაპირებასაც სკეპტიკურად უყურებენ და ფიქრობენ, რომ მომდევნო წლიდან გორის ბიუჯეტი კვლავ იმ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როგორშიც 2014 წლამდე, ანუ რეფორმის დაწყებამდე იყო.