შესყიდვების სააგენტომ სკოლების ტრანსპორტით მომსახურებაზე უგულავას განცხადებას სიცრუე უწოდა

674

წინა სტატია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს განცხადებით, პოლიტიკური ორგანიზაცია “ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაცია, მუნიციპალიტეტებში ათასობით სკოლის მოსწავლეების სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების გარეშე დატოვების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ვინაიდან 2019 წლიდან სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვას ახორციელებენ მუნიციპალიტეტები, 2018 წლის 27-28 დეკემბერს, სასკოლო ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ყველა მუნიციპალიტეტში, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, გამოცხადდა ინდივიდუალური ტენდერები (სულ – 58 ტენდერი).

“კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადება მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო სახსრების დაზოგვის კუთხითაც, ვინაიდან  ამ მომსახურებას მხოლოდ 3 კომპანია ახორციელებდა, ხოლო ღირებულება ყოველწლიურად იზრდებოდა. ახალი მიდგომების გათვალისწინებით, შემდგარი ტენდერებით მიღებულმა ეკონომიამ, დაახლოებით, ნახევარი მილიონ ლარი შეადგინა. ტენდერების გამოცხადების შედეგად, აღნიშნული მომსახურების სფეროში გამოჩნდნენ ახალი, მათ შორის, ადგილობრივი კომპანიები, რითაც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია.

კონსოლიდირებული ტენდერებიდან დადებითად დასრულდა 9 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები, რომლებზეც 18 იანვარს გაფორმდა ხელშეკრულებები, ხოლო ყველა იმ მუნიციპალიტეტმა, რომლებშიც ვერ შედგა ტენდერი, ხელახალი ტენდერების გამოცხადებამდე, ხელშეკრულებები გააფორმეს პირდაპირი წესით (გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით). შესაბამისად, მუნიციპალიტეტების სკოლებს სასკოლო ტრანსპორტის მომსახურება მიეწოდებათ შეუფერხებლად. ერთდღიანი შეფერხება იყო მხოლოდ ორ მუნიციპალიტეტში, რომელიც უკვე აღმოფხვრილია.

პოლიტიკური ორგანიზაცია “ევროპული საქართველოს“ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს მათ შორის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ლამბალოს სკოლასთან მიმართებაშიც. მუნიციპალიტეტს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს 2019 წლის 21 იანვარს და სკოლის ბავშვთა ტრანსპორტირებას რაიმე სახის დაბრკოლება არ შექმნია. აღნიშნულს ადასტურებს კონტრაქტორი გადამყვანი კომპანიაც, ხოლო ხელშეკრულება საჯაროა, განთავსებულია შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის.

საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან”- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს “ევროპული საქართველოს“ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა. მისი განმარტებით, მიზეზი პრემიერ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება გახდა, რის მიხედვითაც რაიონებს ჩამოერთვათ სატრანსპორტო შესყიდვების ჩატარების შესაძლებლობა.