კალაძე: საახალწლოდ დედაქალაქში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება

1073

წინა სტატია

“საახალწლოდ მხოლოდ ერთი კონცერტით არ შემოვიფარგლებით, მთელი დღეების განმავლობაში იქნება სხვადასხვა ღონისძიება: კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები. იმასთან დაკავშირებით, თუ სად გაიმართება გალაკონცერტი და საახალწლო ღონისძიებები, ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

კითხვაზე რამდენად საჭიროა ამისთვის 2 მილიონ ლარზე მეტი თანხის დახარჯვა კალაძე ამბობს: “თუ გვაჩუქებენ სცენას და ერთხელ გადახდილი თანხით ყოველწლიურად შევძლებთ ვისარგებლოთ სცენით, დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი და ძალიან გაგვიხარდებოდა, თუ ვინმე ასეთ საჩუქარს გაგვიკეთებდა. ეს თანხა მხოლოდ სცენისთვის არ იხარჯება, ეს არის ჰონორარები, ეს არის საახალწლო ღონისძიებების მთელი ატრიბუტიკა“.

შეგახსენებთ, რომ “თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში წინასაახალწლო სამზადისი უკვე დაიწყო. დედაქალაქს საახალწლოდ 2 093 789 ლარის ახალი ილუმინაციები ექნება.

“შეიძლება ბევრს არ ესიამოვნოს, მაგრამ თბილისი საახალწლოდ აუცილებლად იქნება ძალიან ლამაზი, რითაც ბევრი ადამიანი ისიამოვნებს”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძე სავაჭრო ობიექტების მფლობელებს მოუწოდებს, საახალწლოდ ფასადზე თითო სათამაშო ჩამოკიდონ.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თბილისში ნაძვის ხე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, სხვა ადგილზე დადგან.