რა შეიცვალა “ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამიდან თვითმმართველი ქალაქების გაუქმებამდე

719

საქართველოს მთავრობა საკუთარ ინიციატივას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმებისა და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ იმით ხსნის, რომ 2014 წელს 7 მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ქალაქებად და სათემო მუნიციპალიტეტებად გაყოფამ ვერ გაამართლა. ინიციატივის ავტორი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილებით ვერ მოხერხდა: 1. მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; 2. მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მათი ხარისხის გაუმჯობესება; 3. მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლების გაზრდა.

სამინისტროს ამ არგუმენტებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ეთანხმებიან. თუმცა, არასამთავრობოების გარდა, აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს თავად მმართველი პარტია ეწინააღმდეგება.

ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ – საპარლამენტო არჩევნებისას “ქართული ოცნება” ერთ-ერთ მიღწევად სწორედ  ტერიტორიული მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას, მუნიციპალიტეტების მიერ საკუთარი შემოსავლების ზრდასა და სერვისების გაუმჯობესებას ასახელებდა.

“ქართული ოცნების” 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ:

მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ტერიტორიული მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად. გაძლიერდა ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემა – შემოღებულ იქნა გამგებლებისა და მერების პირდაპირი არჩევის წესი; მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო შემოსავლის დამატებით წყაროდ განისაზღვრა მეწარმე ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი, რის შედეგადაც გაიზარდა მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსულობების ხვედრითი წილი მათ საერთო საბიუჯეტო შემოსულობებში; ტრანსფერის ახალი სახის – კაპიტალური ტრანსფერის შემოღების საფუძველზე, მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან კონკურენტულ საწყისებზე მიიღონ დამატებითი სახსრები საკუთარ უფლებამოსილებებში შემავალი კაპიტალური პროექტების
განსახორციელებლად; დაიწყო დაგეგმვის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი დოკუმენტების მომზადება და მიღება; დასახლების საერთო კრებებისა და სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების შემოღებით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გასაუმჯობესებლად”.

რა შეიცვალა 2016 წლის შემდეგ და რატომ შეცვალა რადიკალურად მმართველმა პარტიამ საკუთარი პოზიცია? მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი კოკა კიღურაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების მოქმედებებზე გავლენა, სავარაუდოდ, თავად პარტიის შიგნით მაქსიმალური ცენტრალიზაციის მომხრე ძალების გაძლიერებაცაა.

“როგორც სჩანს, პოზიციის ასეთი რადიკალური ცვლილება თავად სახელისუფლებო გუნდში ცენტრალიზაციის მომხრე პოლიტიკოსების გაძლიერების ბრალია. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელიც რეფორმის განმახორციელებელი წამყვანი უწყებაა, სრულად შეიცვალა მენეჯმენტი და დეცენრალიზაციის მომხრე ძალები ცენტრალიზაციის ხედვის მქონე ძალებით ჩანაცვლდა. ამასთან, ვფიქრობ, ამის მიზეზი მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებიცაა, რომლის წინაც მცირდება მუნიციპალიტეტებისა და, შესაბამისად, ასარჩევი თანამდებობების რაოდენობა. ვფიქრობ, ესეც ხელისუფლების ცენტრალიზაციის ინტერესებს ემსახურება. სამწუხაროა, რომ სახელისუფლებო ძალამ, რომელმაც ამ პროგრამის საფუძველზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, დეცენტრალიზაციის ნაცვლად, ცენტრალიზაციის გზას დაადგა”, – აცხადებს კოკა კიღურაძე.