სანქციები, რომლებიც ჰაერის დაბინძურებისთვის დაწესდება

963

წინა სტატია

თბილისის მერიამ საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, კანონპროექტი მოამზადა, რომელიც ჰაერის დაბინძურების მიმართულებით, სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. ინორმაციას BM.GE ავრცელებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. დოკუმენტის პირველადი ვარიანტის მიხედვით, სანქციები შემდეგი სახის იქნება:

თბილისის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავება (დაჭრა, დაფქვა, დახერხვა, დაქუცმაცება და სხვა.), რომელიც ვერ უზრუნველყოფს მტვერჩახშობას:  გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას კი 2 000 ლარის ოდენობით.

ამასთან, თბილისის ტერიტორიაზე მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის (ფენილი, ბადე, საფარი) გარეშე განთავსება, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

ასევე, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის გადაუხურავი ან/და არასათანადოდ გადახურული ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი ავტოსატრანსპორტო საშუალების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება: გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონმზიდი მანქანიდან ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეუფუთავი ან/და არასათანადოდ შეფუთული ამტვერებადი მასალის სამშენებლო მოედანზე ისე განთავსება, როდესაც არ არის უზრუნველყოფილი აღნიშნული მასალიდან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თვიდან აცილება -გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 4000 ლარის ოდენობით.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის კახა კალაძის თქმითმ, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მშენებლობის პროცესში რეგულაციების გამკაცრებას ეხება, უკვე მომზადებულია და მალე გადაეგზავნება პარლამენტს. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს მათ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რადგან, მისი თქმით, ჰაერის მტვრით დაბინძურება ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა.