კარალეთში მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს

1541

კარალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოფლები: კარალეთი, დიდი გაეჯვარი, პატარა გარეჯვარი, სათბურის დასახლება) მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე სამუშაოები სოფელ კარალეთში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, საპილოტო არეალებზე სრულად აიზომება და დარეგისტრირდება კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთები და შეიქმნება მონაცემთა ერთიანი ბაზა.

მერიის ინფორმაციით, მესაკუთრეები, რომლებიც მიწის ნაკვეთებს სათანადო საბუთების არქონის, დოკუმენტებში არსებული ხარვეზების, სამეზობლო დავების, საკადასტრო აზომვითი ნახაზისთვის საჭირო საფასურის თუ სხვა მიზეზების გამო ვერ ირეგისტრირებდნენ, ნაკვეთების რეგისტრაციას უფასოდ, მარტივად და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლებენ.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთვება. პროექტის განხორციელებისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ. აღნიშნული პირების სათანადო ცოდნისა და უნარებით აღჭურვის მიზნით, ჩატარდა ტრენინგები.

“სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტს მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საპილოტო პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს. მათ პარალელურად შეუძლიათ, ინდივიდუალურად, განცხადებით მიმართონ საჯარო რეესტრს და თავად დაირეგისტრირონ ნაკვეთები”, – ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული პროექტი, რომელიც მიზნად მიწის ბაზრის კომპონენტის განვითრებას ისახავს, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №351 დადგენილების მიხედვით 12 საპილოტე არიალში ხორციელდება: კარალეთი (გორის მუნიციპალიტეტი), ჯიმითი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), არბოშიკი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), არხილოსკალო (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი), სალხინო (ვანის მუნიციპალიტეტი), მანგლისი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი), ზარიძეები (თიანეთის მუნიციპალიტეტი), ვედიდკარი (მარტვილის მუნიციპალიტეტი), ლახამულა (მესტიის მუნიციპალიტეტი), საგურამო (მცხეთის მუნიციპალიტეტი), მზისგული (საგარეჯოს მუნიციპალიტეტი), შუახევი (შუახევის მუნიციპალიტეტი).