თაღლითობაში მსჯავრდებული მაღალჩინოსნები, რომლებიც ამ დრომდე თანამდებობებზე რჩებოდნენ, გათავისუფლდებიან

801

წინა სტატია

ხონის მუნიციპალიტეტის თაღლითობაში მსჯავრდებული მაღალჩინოსნები თანამდებობებს დატოვებენ. ამის შესახებ ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ განაცხადა.

თანამდებობას დატოვებს 6 პირი, მათ შორის, მერის პირველი მოადგილე გელა ჩოგოვაძე და მერიის კიდევ 3 თანამშრომელი, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ზაზა რუხაძე და საკრებულოს კიდევ ერთი თანამშრომელი.

საქმეზე გამოძიება 2016 წელს დაიწყო და განაჩენი მიმდინარე წლის აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პირები 2 თვის განმავლობაში თანამდებობებს კვლავ ინარჩუნებდნენ და მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მიიღეს მუნიციპალიტეტში მათი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

საქმე ეხება ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხში მიწის უკანონოდ, დოკუმენტების გაყალბებით გასხვისებას, რომელშიც ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, მიწის განკარგვის კომისიის თავმჯდომარე, ზაზა რუხაძე, მერის პირველი მოადგილე, გელა ჩოგოვაძე (ჩოგოვაძე იმ დროისთვის ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ქონების მართვისა და აღრიცხვის სამსახურის უფროსის პოსტზე მუშაობდა. მერის მოადგილის პოსტზე კი ის 2017 წლის სექტემბერში დაინიშნა), კომისიის წევრები – დათო კირთაძე და ოთარ ბენდელიანი და სხვა საჯარო მოხელეები იყვნენ ჩართული. მიწა კი მათ უკანონოდ ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი პირველი მოადგილის ცოლზე გაასხვისეს. ყოფილ მაღალჩინოსანს აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის ქონებრივ დეკლარაციაშიც ჰქონდა შეტანილი.

ხონის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსნებსა და საჯარო მოხელეებს სასამართლომ პირობითი მსჯავრი მიუსაჯა და ასევე, 40 000 ლარით დააჯარიმა.

დეტალურად აღნიშნული საქმის შესახებ სტატია იხილეთ ბმულზე.