ფშავ-ხევსურეთში 27 ბავშვი სასკოლო განათლების გარეშე დარჩა

1338

ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბავშვებს სასკოლო განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს. ინფორმაციას “მთის ამბები” ავრცელებს.

დუშეთის მერიას და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 4 თვის განმავლობაში, ვიდრე სკოლაში არდადეგები იყო, პანსიონებში პირობების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებიათ. სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ოჯახები მთიდან ასაყრელად ემზადებიან.

როგორც გამოცემა წერს, ბარისახოს სკოლა-პანსიონში მოსწავლეები რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით მდებარე სოფლებიდან დადიოდნენ და ის არხოტიონებისთვის საშუალო განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობა იყო.

გამოცემის ცნობით, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, არხოტის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო საცალფეხო ბილიკიც იკეტება და მაისის ბოლომდე არხოტში გადასვლა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. სწავლის პერიოდში კი ბავშვები პანსიონში ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, ისიც, რომ მოსწავლეებს არც სასკოლო ტრანსპორტი ემსახურებათ და ესეც რომ იყოს, როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოსწავლეებისთვის ყოველდღიურად 40 კილომეტრის გავლა (წინ და უკან), თან დაზიანებულ გზებზე, ძნელია.

“განათლების სამინისტრომ, ბარისახოს, მაღაროსკარის და შატილის პანსიონების ბენეფიციარი ბავშვებისთვის სასკოლო ტრანსპორტიც რომ დაამატოს, ოქტომბრის ბოლოდან ფშავ-ხევსურეთის ხეობებში მისასვლელი გზები თოვლის, ყინვისა და ზვავსაშიშროების გამო იკეტება და საავტომობილო ტრანსპორტი ვეღარ მოძრაობს. ამ ბავშვებისთვის პანსიონი საშუალო განათლების მიღების ერთადერთი შესაძლებლობაა”, – წერს გამოცემა.

სამივე პანსიონი დუშეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ “მოსწავლეთა ხელშეწყობის ცენტრი“ მართავს. 2018 წელს ცენტრი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 121 ათასი ლარით ფინანსდება. აქედან, პანსიონებში რეგისტრირებული 27 ბავშვის კვებისთვის 19 ათასი ლარია გათვალისინებული, ერთ ბავშვზე ყოველდღიურად 3.25 ლარი. ცენტრის დირექტორის ნინო ვერძეულის თქმით, პანსიონებში მუშაობის განახლება შესაძლებელია, მაგრამ შესაბამისი ნებართვა არ აქვთ. როგორც ირკვევა, საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 22 აგვისტოს N 508 დადგენილებით, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები შეცვალა, რომლებსაც ეს პანსიონები ვეღარ აკმაყოფილებენ.

ფშავ-ხევსურეთის პანსიონებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობა მაღაროსკარის პანსიონშია. კარ-ფანჯარა დაზიანებულია, აბაზანა არ არის და ბავშვები, რომლებსაც სკოლასთან ახლოს ნათესავები არ ჰყავთ, მთელი კვირის განმავლობაში დაბანას ვერ ახერხებენ.

ამ თემაზე “მთის ამბებმა“ რეპორტაჟი 2017 წლის აპრილში გამოაქვეყნა. ბავშვთა უფლებების დამცველები მაშინვე აფრთხილებდნენ მთავრობას, რომ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ, ისევ ბავშვები დაზარალდებოდნენ. ასეც მოხდა. იმის მიუხედავად, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისთვის პანსიონებში არსებული მძიმე, ზოგ შემთხვევაში კი ღირსების შემლახველი პირობების შესახებ ცნობილი იყო, არც მერიამ და არც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეაბილიტაციაზე არ იზრუნეს.

განათლების სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსის ეკა დგებუაძის თქმით, სავალდებულო ლიცენზიის მისაღებად, პანსიონებში პირობების გაუმჯობესებაზე სასწავლო წლის დაწყებამდე დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა ეზრუნა, რადგან ეს მისი პასუხისმგებლობა იყო.

“ველოდებით მუნიციპალიტეტიდან გარანტიებს, რომ დაფინანსებას გამოყოფს და პირობებს გააუმჯობესებს. ინსტიტუციაში ბავშვის ყოფნა ისედაც არ არის მიზანშეწონილი და ასეთ პირობებში მითუმეტეს”, – თქვა ეკა დგებუაძემ.

სტატიის სრულად სანახავად გადადით ბმულზე.

ფოტო: “მთის ამბები”