თბილისში ე.წ “ღამის ავტობუსები“ დღეიდან იმოძრავებენ

წინა სტატია

დღეიდან ყოველ პარასკევსა და შაბათ ღამეს, ღამის 12 საათიდან დილის 6 საათამდე, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრიდან“ “ვარკეთილამდე“ ავტობუსი იმოძრავებს. მარშრუტი “ღამის ეკონომიკის“ პროექტის ფარგლებში შემუშავდა.

“ღამის ავტობუსის“ საპილოტე პროექტი დაიგეგმა ისე, რომ დედაქალაქის უმეტესი ნაწილი მოიცვას და მგზავრები გასართობი და კულტურული აქტივობებით დატვირთულ ცენტრებთან დააკავშიროს.

ავტობუსი მოძრაობას მეტროსადგურ “ახმეტელიდან“ დაიწყებს და პირველი გაჩერება დიდ დიღომში, სუპერმარკეტ “გუდვილთან“ ექნება. შემდეგ გაივლის აღმაშენებლის ხეივანს, მარშალ გელოვანის გამზირს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და სააკაძის I გასასვლელთან გაჩერდება. შემდეგ, “ღამის ავტობუსი“ ვახუშტის ხიდს გადაკვეთს და მგზავრებს ვახუშტის ქუჩაზე და სტადიონ “დინამო არენასთან“ მიიყვანს, საიდანაც გზას აღმაშენებლის გამზირზე განაგრძობს და მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გაჩერდება.

შემდეგ, იგი მარჯანიშვილისა და ჯავახიშვილის (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი) ქუჩებს გაივლის და მგზავრებს ჯერ პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაუჩერებს, ხოლო შემდეგ – თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩაზე – “კონკასთან“. ავტობუსი გადაკვეთს ბარათაშვილის ხიდს და მგზავრებს ევროპის მოედანზე მიიყვანს. იგი გზას გორგასალისა და გულუას ქუჩებისკენ განაგრძობს და აბანოებთან გაჩერდება. ორთაჭალის გავლის შემდგომ, ავტობუსს მორიგი გაჩერებები ექნება დოდაშვილის მოედანსა და მეტრო ‘ისანთან“. ავტობუსი კახეთის გზატკეცილით ჯავახეთის ქუჩას დაუკავშირდება და მოძრაობას მეტრო “ვარკეთილთან“ დაასრულებს.

ავტობუსი უკუმიმართულებითაც ანალოგიურ მარშრუტს გაივლის და მას ექნება წარწერა – “ღამის ავტობუსი“.

საპილოტე მარშრუტზე “მანის“ მარკის ავტობუსები ერთსაათიანი ინტერვალით და სტანდარტული – 50-თეთრიანი ტარიფით იმოძრავებენ. ამასთან, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფიც იმოქმედებს.

“ღამის ავტობუსების“ გაჩერებები: მეტროსადგური “ახმეტელის თეატრი“; ფარნავაზ მეფის გამზირი (ჰიპერმარკეტი “გუდვილი“); მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და გიორგი სააკაძის I გასასვლელის გადაკვეთა; ვახუშტი ბაგრატიონისა და რაფაელ აგლაძის ქუჩების გადაკვეთა; სტადიონი “დინამო არენა“; დავით აღმაშენებლის გამზირი #106; პირველი რესპუბლიკის მოედანი; მეტროსადგური “თავისუფლების მოედანი“; ნიკოლოზ ბარათაშვილის ქ. “კონკა“; ევროპის მოედანი; ვახტანგ გორგასალის ქ. #7 – აბანოებთან; დოდაშვილის მოედანი; მეტროსადგური “ისანი“; მეტროსადგური “ვარკეთილი“

მსგავსი სიახლეები