თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე საგზაო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია

598

დედაქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

კალაძის თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული მთავარი პირობა, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დღისთვის საგზაო მოძრაობა გაიხსნებოდა, შესრულებულია.

“როგორც მოსახლეობის დავპირდით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბარათაშვილის აღმართზე, რობაქიძის გამზირზე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული. ჩვენ რასაც დავპირდით მოსახლეობას, რომ სასწავლო პროცესის დაწყების დროისთვის სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებული იქნებოდა, შევასრულეთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, თბილისის მასშტაბით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება.

“გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი, მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან დასრულებულია. რობაქიძის გამზირის რეაბილიტაცია მთლიანად არის დასრულებული და ასფალტის საბოლოო ფენა უკვე დაგებულია. რაც შეეხება კოსტავა-შარტავას ქუჩებსა და ბარათაშვილის აღმართს, ამ ლოკაციებზე კეთილმოწყობის სამუშაოები გაგრძელდება, რაც გულისხმობს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. მოეწყობა ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ახალი ბორდიური, საფეხმავლო და ველობილიკები, გარეგანათების სისტემა. ასევე, ჰაერში არსებული სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ყველა ჩამოთვლილ ლოკაციაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მთლიანად 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება. მთავარი პრინციპული საკითხი იყო ის, რომ სწავლის დაწყების დღისთვის გზა გახსნილიყო და გადაადგილება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი. ეს დაპირება, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო მიცემული, შესრულებულია“ – განაცხადა თბილისის მერმა.