რაჭა – ჩემი თანმდევი დღესასწაული

ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

რაჭაში პირველად 2017 წლის აგვისტოში მოვხვდი. მეგობრებთან ერთად, ამბროლაურთან, ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმრო „კრიხულაში“ დავბინავდით ძალიან კარგ ადგილას, ზუსტად მდინარე კრიხულას “პლიაჟის“ ჩასახვევში, სადაც, მართალია, დღის მანძილზე ბევრი ხალხი იყრის თავს, მაგრამ ვინც სიმშვიდეს ეძებს, დილის საათებში უნდა ჩავიდეს საბანაოდ გამჭვირვალე, ანკარა და ყინულივით ცივ წყალში. გარდა კარგი მდებარეობისა, საოჯახო სასტუმროს გულითადი და კეთილგანწყობილი მასპინძლები ჰყავს, რაც იქ დასვენებას უფრო სასიამოვნოს ხდის. უკვე 2018-ში კრიხულას საბანაო შეცვლილი დამხვდა, ქოლგებით და „შეზლონგებით“ აღჭურვილი, ღია ბარით და გამაგრილებელი სასმელებით. სიმყუდროვის და უფრო ბუნებრივი გარემოს მოყვარულებს ვურჩევ, მდინარეს ზემოთკენ შეუყვნენ და სხვა ადგილი მოძებნონ. თუმცა, ახლად „ორგანიზებულ პლაჟზე,“ ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, ჩანს, ბევრიც გაახარა ამ ცვლილებამ.

საინტერესოა, ზაფხულის ხვატისგან თავის დაღწევის ამ, ან სხვა არაერთი მშვენიერი ადგილის შესახებ (როგორიც მდინარე კრიხულას, ან რაჭის სხვა მდინარეების საბანაო, სპეციალურად დაგუბებული, ხშირად კი ბუნებრივი ადგილებია), ჩამოსულ სტუმრებს თუ აქვთ ინფორმაცია? საინფორმაციო ნიშნულები რაჭაში (და არა მარტო) საკმაოდ პრობლემურია. არც რაიმე დაფა მახსენდება, სადაც მითითებული იქნებოდა ამბროლაურის გარშემო საბანაო ადგილები. ტურზიმის საინფორმაციო ცენტრში თუ მივა ადამიანი და იკითხავს, მიასწავლიან, ალბათ, მაგრამ დამატებითი საინფორმაციო დაფებიც არ იქნებოდა ურიგო. ნამდვილი შვებაა კრიხულას წყალში გაგრილება ცხელ დღეებში, მათ შორის, იმათთვის, ვისაც ადგილზე გზის მიმსწავლელი ნაცნობი და მასპინძელი არა ჰყავს. ნიშნულები რაჭას და სხვა მთიან რეგიონებს განსაკუთრებით სჭირდება, რადგან თუ სეზონი არ არის, შეიძლება, საკმაოდ დიდი ხანი ისე იარო, არავინ შეგხვდეს, გზა რომ იკითხო. თუმცა, აგვისტოში არ დაიკარგები ადამიანი. ამ დროს სოფლები სავსეა მაცხოვრებლებით, დამსვენებლებით, სტუმრებით და რაჭაში სიცოცხლე დუღს.

წასვლამდე ფბ-ზე წინასწარ გავაკეთე გამოკითხვა და ჩემს მრავლისმნახველ და მრავალრიცხოვან  მეგობრებს რჩევა ვკითხე, თუ რა უნდა მენახა რაჭაში პირველად ჩასულს? მათ კი, გარდა საყოველთაოდ ცნობილი ტურისტული სამიზნეებისა, თავიანთი საყვარელი სოფლები, ადგილები, ბუნების ძეგლები ჩამოთვალეს და იმხელა სია გამოვიდა, მივხვდი რაჭაში რამდენიმეჯერ უნდა დავბრუნდე იმისათვის, რომ კუნჭულ-კუნჭულ მოვიარო და ვინძლო მაინც ვერ ამოვწურო აქაურობა.

მოგვიანებით, მას მერე, რაც დაუვიწყარი ათი სათავგადასავლო დღე მოვიწყვე მეგობრებთან ერთად, მივხვდი, რომ აქ მხოლოდ ახალ-ახალი ადგილების მოსანახულებლად კი არ ბრუნდებიან, არამედ ერთხელ რაჭაში მოხვედრილი, უბრალოდ, სულ ბრუნდები. აქაურობას მიზიდულობის ძალა აქვს – ისევ და ისევ გიხმობს და ასე მგონია, თვალიც ვერასოდეს მიეჩვევა ამ საოცარ ბუნებას, რიონის ჭალებსა და გარშემო უზარმაზარ მთებს, სრულიად მოულოდნელ ბილიკებს, ხედებს, მთის კამკამა მდინარეებს; და ყოველთვის მოგენატრება კაცს ისეთ კეთილგანწყობილ, მომღიმარ და გულითად ადამიანებთან ურთიერთობა, როგორებიც რაჭველები არიან. 

თან ბავშვები გვახლდა. მათ სათავგადასავლო ტურები უფრო აინტერესებთ, ამიტომ ჩვენც ბუნების ძეგლების მონახულებაზე, ხეობების, ჩანჩქერების, კანიონების დათვალიერებაზე ვიყავით ორიენტირებულები, თუმცა, ცხადია, არც ნიკორწმინდა, ბარაკონი, ჭელიშის უდაბნო და მრავალძალი გამოვტოვეთ.

რაჭაში პირველად ჩასულისთვის (და არა მარტო) ეს ყველაფერი ისეთი შთამბეჭდავი იყო, სოციალურ ქსელში მუდმივად ვაქვეყნებდით ფოტოებს და ვერც აღფრთოვანებას ვმალავდით. ან რატომ უნდა დაგვემალა? შენ რომ ათავალიერებ აქაურობას, გინდა, სხვამაც ნახოს, ემოცია სხვასაც გინდა გაუზიარო.

მიუხედავად იმისა, რომ რაჭაში სულ ორჯერ ვარ ნამყოფი, იმდენად კარგად ვიარეთ, ახლა სულ მეკითხებიან ხოლმე წამსვლელები, რა ნახონ, რას ვურჩევდი, ის ჩანჩქერი სად იყო, ფოტო რომ დავდე და ა.შ. ამიტომ ამ ბლოგის დაწერა გადავწყვიტე. ცხადია, რაჭის ჩემზე უკეთესი მცოდნეების რჩევების მოსმენა გაცილებით საინტერესო იქნებოდა, მაგრამ მაინც გავბედავ და რამდენიმე ჩემეულ მარშრუტზე დავწერ, მათთვის, ვისაც ჩემნაირად ხეტიალი უყვარს, მიზნით ან მის გარეშე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტს 10 დღეში კარგად დაათვალიერებ. გააჩნია რა გაინტერესებს ადამიანს. მე ახალი გზებით სიარული, სოფლებში შესვლა და თვალიერება, სადაც გული გამიწევს, იქ გაჩერება და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ურთიერთობა მიყვარს. მარშრუტებსაც შესაბამისად ვგეგმავ და ვირჩევ. ხშირად, უბრალოდ გზას მივყვები „წინასწარი მეცადინეობის“ გარეშე და გაოცების, აღმოჩენისა და აღფრთოვანების სიამოვნებას არ ვიკლებ. რაჭა ყველანაირი დამსვენებლისთვის მისწრებაა. აქ ყველა იპოვის თავისი გატაცების შესაბამის ადგილებსა და გზებს.

მარშრუტი N1. ნიკორწმინდა, ჭელიში, ხონჭიორი, თხმორი, პატარა ონი, ხვანჭკარა.

მდინარე შარეულას სათავე

ერთი საინტერესო მარშრუტი ნიკორწმინდა, ჭელიშის უდაბნოს მონასტერი, მდინარე შარეულას სათავე და საყინულეა. თუმცა, ამბროლაურიდან სანამ ნიკორწმინდაში შეხვალ, შესაძლოა ჭელიაღალეში შავლაძეების ტბასთან გაჩერება და იქვე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის დათვალიერება. ამ ყველაფერის მონახულების შემდეგ კი გზის სოფელი ხონჭიორისკენ გაგრძელება.

სახლი ხონჭიორში

დიდი ალბათობით, ბერძნების აგებული ეკლესია შუა სოფელში დგას და შორიდავნე იქცევს გამვლელის ყურადღებას თავისი დიდებულებით; ეკლესიის ეზოში უზარმაზარი ცაცხვები და ძველი საფლავებია; ერთგან ხე იმდენად გაზრდილა, საფლავის ღობე უკვე ჰაერში აქვს ატანილი. აქაურობას რაღაცნაირი, პირველქმნილი და იდუმალი ელფერი დაჰკრავს; ცაცხვის ძირას გარინდება, ან სოფელზე ეკლესიის ეზოდან გადაშლილი არაჩვეულებრივი ხედის ყურება ერთი სიამოვნებაა.

სასაფლაო სოფელ ხონჭიორში

ხონჭიორიდან სოფელ თხმორისაკენ მიდის გზა. სოფელ ზედა შავრადან არის ჩასახვევი თხმორისკენ – მოხრეშილი თავდაღმართი ჩადის (მოემზადეთ ჯაყჯაყისათვის). პირველივე ხიდზე გადასულებს ლოდებს მოფარებული ჩანჩქერი გელოდებათ. ნიშნულებით მიხვდება ადამიანი, რომ დანიშნულების ადგილასაა, თუმცა, ნიშნულს გზადაც ვისურვებდი.

თხმორის ჩანჩქერი

გასაოცარი სილამაზის, ყინულივით ცივი ჩანჩქერი კლდოვან ხეობაში, გუგლის და რუკების მიხედვით ყვირილას ჩანჩქერია, თუმცა, უფრო თხმორის ჩანჩქერი სახელით არის ცნობილი. იქვე, რამდენიმე მეტრში, მდინარე შარეულას უერთდება და ჩანჩქერის წყალთან შედარებით, თავისთავად ცივი შარეულა თბილ აბაზანად შეიძლება მოგეჩვენოთ.

ზედა შავრასთან პატარა ონისკენ, პატარა ონიდან კი, რიონზე გადებული ხიდით, ჭრებალოში ჩადის გზა. ასე ერთგვარი წრიული კეთდება და გზიდან უკვე ლეჩხუმის მთები და რიონის ხეობა მოჩანს. ამბროლაურში სულ სხვა, ხვანჭკარის მხრიდან შევდივართ. ხვანჭკარაში, გარდა საოჯახო მარნებისა, სადაც ღვინის დეგუსტაცია და ალბათ, მცირე ხემსის შეკვეთაც არის წინასწარ დარეკვით შესაძლებელი, ერთი კვების ობიექტიცაა. ამ მთელდღიანი მოგზაურობის მერე ეს საჭირო და სასარგებლო ინფორმაცია უნდა იყოს, ჩემი გამოცდილებით. ჩვენ ალეკო სარდანაშვილის მარანში გავჩერდით, უამრავი საინტერესო ამბავი მოვისმინეთ, უმაგრესი ღვინო დავაგემოვნეთ და სახელდახელო სუფრით ძალიან, ძალიან ვისიამოვნეთ.

მარშრუტი N2. კრიხი, კრიხულას სათავე, სხვავა, ფუტიეთი

მდინარე კრიხულას სათავეში ორი მხრიდან არის მისასვლელი. სოფელი სხვავადან ნიშნულთან სამანქანე გზა ჩადის და მერე ფეხით შეუყვებით ხეობას. თუ კლდეებში, კანიონში ბოლომდე შეხვალთ, პატარა ჩანჩქერებიც ყოფილა, ოღონდ მზად უნდა იყოთ წელამდე წყალში სასიარულოდ, ჩვენ ვერ შევძელით. სოფელ სხვავაში საყინულეცაა, რომელიც რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ტურისტულ რუკაზეც არის დატანილი, მაგრამ როგორც ამბროლაურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, რთული მარშრუტია, თოკების გარეშე ვერ ჩახვალთო, ამიტომ თვითმოქმედებას შევეშვით. სხვავას შემდეგ ერთ-ერთ მთაზე სოფელი ფუტიეთია, სადაც ჩვენ უბრალოდ გავლით ვიყავით და არაჩვეულებრივი ხედებით ვტკბებოდით. თუმცა, აქ, სკოლის შენობაში, ფუსტების (დაგუგლეთ! მეც ასე მოვიქეცი) მუზეუმიც ყოფილა სანახავი. რამდენადაც სკოლა აგვისტოში დაკეტილია, ალბათ, იქნება ვინმე პასუხისმგებელი პირი, ვინც გააღებს შენობას დაინტერესებული პირებისათვის?

მდინარის სათავესთან მეორე საფეხმავლო  მისასვლელი სოფელი ზემო კრიხიდანაა. ამ სოფელში, პირველ რიგში, გასაოცარი სილამაზის ეკლესია და მის ეზოსთან მდგარი ასწლოვანი ცაცხვისა და უთხოვარის ხეებია. ეს უთხოვარი ნამდვილი ადგილობრივი ღირშესანიშნაობაა. ცაცხვში კი, რომელიც შიგნიდან სრულიად ფუტუროა, 4-5 ადამიანი თავისუფლად ეტევა. ზემო კრიხის მთავარანგელოზის ეკლესია ჩემი ყველაზე საყვარელი ეკლესიაა, სვეტების ძირში ქვაში გამოკვეთილი დათვებით; ეკლესიას გარშემო ძველი სასაფლაო აქვს, რომელზეც, ასევე, საინტერესო, რაჭულად მოჩუქრთმებული საფლავის ქვების ნახვა შეიძლება. სოფლის სასაფლაოებზე მე ყოველთვის შევივლი ხოლმე, მაინტერესებს და არაერთი საინტერესო ამბავი აღმომიჩენია, მათ შორის, რაჭაში.

ზემო კრიხს თუ გაცდებით და სამანქანე გზას გააგრძელებთ, მდინარე კრიხულას სათავესთან ჩასასვლელ გზას მიადგებით. აქ ნიშნული დგას და როგორს ის გვაუწყებს, მდინარის სათავემდე დაახლოებთ 1 კმ საფეხმავლო გზაა. ეჭვი მაქვს, ეს გზა სწორედ იმ ჩანჩქერებთან მიდის, რაც სხვავადან მისულებმა ვერ ვნახეთ, რადგან წყლის კალაპოტში უნდა გვეარა, რისთვისაც მზად არ ვიყავით. ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში გვითხრეს, რომ ეს რთული სავალი მარშრუტი არ არის და ვისაც უკან, აღმართზე ამოვლის არ ეშინია (ჩემთვის ეს წარმოუდგენელი ტანჯვაა) თავისუფლად შეუძლია ჩასეირნება და ულამაზესი ტყით დატკბობა.

მარშრუტი N3: ბუგეული, რიცეულას ხეობა, ძირაგეული

ტაძრის მოხატულობა სოფელ ბუგეული

სოფელ ბუგეულს გამორჩეულად ლამაზი ადგილმდებარეობა აქვს რიონის გასწვრივ და სოფლის ძველი ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, თავისი მოხატულობით, ალბათ, ერთ-ერთი უნიკალურია მთელ საქართველოში. ეკლესია დაკეტილია და იქვე მოპირდაპირე სახლში თუ იკითხავთ, მიგასწავლიან გასაღების გზას. თუ სწორად მახსოვს, კვირა დილით სჯობს მისვლა, წირვის დროს. ეკლესიის გარშემო აქაც სოფლის ძველი, ძალიან ძველი სასაფლაოა. ყუადღებას იქცევს ერთი ჭედური გვირგინებით, თეთრი რკინის ყვავილებით შემკული საფლავი, სადაც ერთი ახალგაზრდა ბუგეულელის მოკლე ცხოვრების მთელი სევდაა გადმოცემული – მიღწევებით, იმედებით და ტრაგიზმით სავსე.

რიცეულას ხეობა

ბუგეულიდან შესაძლებელია ამბროლაურისკენ უკან მობრუნება და სოფელ სადმელამდე მდინარე რიცეულას ხეობაში შესვლა. ამ გასაოცარ ხეობაში მოგზაურობა ნამდვილი სიამოვნებაა. გზად ბევრი რამ არის სანახავი, ციხეები და ეკლესიები, თუმცა, ჩვენ უდროობის გამო ვერსად გავჩერდით. გზამ რიცეულას ჰესამდე მიგვიყვანა. მანამდე კი თითქოს კლდოვან კარიბჭეს გადიხარ და იქვე მდინარეზე წარმოქმნილი ჩანჩქერები გვხვდება.

მდინარე რიცეულა

უკან ამბროლაურისკენ, სოფელ ძირაგეულში თუ გადაუხვევთ, სოფლის თავში ერთი არაჩვეულებრივი ადგილი „შატო დიოა“. აქ, საოჯახო მარნისა და სასტუმროს ეზოში, ჰამაკებში მოკალათება, მთაზე გაშენებული ვენახების, მათ ფონზე მთების, რიონის ხეობის ყურება და ღვინის დაგემოვნებაა შესაძლებელი – თუმცა, ესეც, სასურველია, წინასწარი შეთანხმებით. როგორც სოციალურმა ქსელმა მამცნო, სულ ახლახან სადმელშიც გაიხსნა მარანი – „სად მელის მარანი – Sad Meli Winery“ და წესით, იქედანაც მშვენიერი ხედი უნდა იშლებოდეს.

მარშრუტი N4: ბარაკონი, სოფელი მუხლი, ზემო ბარი, მრავალძალი.

სახლი ზემო ბარში

ბარაკონის ეკლესიის მონახულების შემდეგ სოფელ მუხლისკენ გადავუხვიეთ. ამ სოფელში ძალიან ბევრი ძველი რაჭული მოჩუქურთმებული სახლია. მთავარია, ცენტრალური გზიდან უბან-უბან შეიაროთ და ისე დაათვალიეროთ.

მრავალძალის გზაზე, მგონი, ზემო ბარის ცნეტრში, ძველი ნანგრევები და გარშემო სოფლის სასაფლაოა, არქიტექტურულად ასევე ძალიან საინტერესო და რაღაცნაირად იდუმალი ადგილი.

მრავალძალი

დაბოლოს მრავალძალი – ცაში ატყორცნილი ნამდვილი საოცრება. ცოტა არ იყოს, დამღლელი გზის მიუხედავად, ყოველთვის, როცა საშუალება მექნება, აქ, ცაში ამოსვლა ისევ მომინდება.

ხედი მრავალძლიდან

֍ ֍ ֍

სოფელი ზედა ჭყვიში

ასეთი იყო მოკლედ შეჯამებული ჩემი რაჭული გამოცდილება. ცხადია, ამ ფორმატში ყველაფერს ვერ ჩატევ და აღწერ, მაგალითად, სოფელ ზედა ჭყვიშში, ჩემს მეგობრებთან – ირაკლი და დათო ხვადაგიანებთან სტუმრობას, კლდეზე დარჩენილი ციხის ნანგრევების დალაშქვრასა და დურბინდით არწივების დაკვირვებას, საოცარი სილამაზის სახლების დათვალიერებას და კლდეებში ნაპოვნი მილიონობით წლის გაქვავებული ნიჟარებით გამოწვეულ სიხარულსა და აღტაცებას;

გაქვავებული ნიჟარები სოფელ ზედა ჭყვიშში

ამავე სოფელშია ხელოვან კოტე ჯინჭარაძის რეზიდენცია – „არტელი რაჭა“, ჭიშკარზე თანამედროვე არტისტების, მარიამ ნატროშვილისა და დეთუ ჯინჭარაძის ნამუშევარი წარწერით – „სად ხარ“; და ეს წარწერა თითქოს რაჭის წლის მანძილზე დაცლილი და ჩამომსვლელების მომლოდინე სოფლების სათქმელს გადმოსცემს. რამდენადაც ვიცი, აგვისტოში აქ თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი იმართება ხოლმე, სადაც ერთხელ ძალიან მინდა მოხვედრა.

აგვისტოშივე იმართება ფეხბურთის ტურნირი „ხვანჭკარის თასი“, რომელიც მთლიანად სამოქალაქო ინიციატივას ეფუძნება; ძმები სარდანაშვილებისა და მათი თანამოაზრეების ძალისხმევით, ყოველწლიურად ჩატარებული ტურნირი უამრავი სოფლის ახალგაზრდას ახალისებს, აერთიანებს, ერთმანეთთან აკავშირებს და იქაურობას განსაკუთრებით გამოაცოცხლებს ხოლმე. შორიდან დაკვირვებაც კი სახალისოა, არათუ ზაფხულის ნათელი საღამოების ხვანჭკარაში გატარება „ხვანჭკარის თასის“ პერიოდში.

სიყვარულის ჩანჩქერი, ქვაფთკარი

მიუხედავად საკმაოდ ინტენსიური მოგზაურობისა (იქვე ამბორაულთან, ქვაფტკრის გზაზე მტირალა კლდე და ჩანჩქერი (კალაპოტს უნდა აუყვეთ ზემოთ) კარგი სანახავია თავგადასავლების მოყვარულთათვის. დღიურში უამრავი ადგილი მაქვს ჩანიშნული, რომელთა ნახვაც ვერ მოვახერხე:

სოფელ თლუღის ციხის ნანგრევები და მღვიმე, სოფელი ხოტევი (ხოტევის ციხე), სოფელი სხარტალი და მისი წიწვნარი ტყე, სოფელი ველევი და მისი კლდოვანი სანახები, სოფელი ცახის მღვიმე, სოფელ გოგოლათის რაჭული ოდები და სოფელი პატარა ონი; ასევე, სოფელი ფუტიეთი, საიდანაც ლამაზი ხედები იშლება და იქვე ფუსტების მუზეუმი, სოფელ ზნაკვას, ჩორჯოს და მეორე ტოლას ჩანჩქერები და მინდორ-ველები და რაც მთავარია, ონის მუნიციპალიტეტი, მთლიანად! ეს ათი დღე ჩვენ მხოლოდ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მოსავლელად დაგვჭირდა.

ზემოთაც ვთქვი, რაჭაში სულ უნდა დაბრუნდე და დაბრუნდე. აღმოსაჩენ-აღსაფრთოვანებელი აქ უამრავია. და, ალბათ, კიდევ რამდენი არაჩვეულებრივი ადგილი მაქვს მოუნიშნავი, იმიტომ, რომ აქამდე არავინ მირჩია და მათ შესახებ არაფერი ვიცი, ისე, როგორც ამ მხარის სხვა ბევრმა სტუმარმა. აქ აღწერილი სამოგზაურო რჩევებიც მხოლოდ ჩემი და ჩემი მეგობრების გამოცდილებაა და ცხადია, არანაირი პრეტენზია არა აქვს ამ მხარის კარგად ცნობასა და ამომწურავობაზე.

ერთი თვის წინ რაჭაში მივლინებით ყოფნისას, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრში საინტერესო ღონისიძებას დავესწარი: ეკოკლუბის წევრი ახალგაზრდები თავ-თავიანთი სოფლების შესახებ აკეთებდნენ პრეზენტაციებს. სწორედ იქ გავიგე მეორე ტოლაში და, ასევე, სხვა სოფლებში მოსანახულებელი საინტერესო ადგილების შესახებ. შეხვედრაზე ითქვა, რომ ეს წამოწყება გაგრძლდება.

მე კი ვინატრებდი, არსებობდეს რაჭის ვებ-პორტალი (ისევე, როგორც კახეთისა და სხვა რეგიონების), სადაც ეს ინფორმაცია განთავსდებოდა და წასვლის წინ შევძლებდი გამეგო, მაგალითად, ჩორჯოს ჩანჩქერამდე მიდის თუ არა სამანქანე გზა, როგორი მანქანით მივალ, ან რამდენია ფეხით სასიარულო და როგორი ბილიკია? ან იქედან უკან უნდა მოვბრუნდე, თუ შესაძლებელია სხვა გზით მომდევნო სოფელში გადასვლა; ამ ტურისთვის რამდენი დრო დამჭირდება და შეძლებს თუ არა მცირეწლოვანი ამ გზის გავლას და ა.შ.?

ისე კი, აუცილებლად მიაკითხეთ ამბროლაურის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს. ადგილზე რუკებსაც აიღებთ და დამატებით ინფორმაციასაც.

პ.ს. იწის წყალი მოიკითხეთ, შუშის ბოთლებშია ჩამოსხმული. ძალიან გემრიელია და  ადგილობრივ საწარმოსაც დაუჭერთ მხარს. ასევე, აუცილებლად მოინახულეთ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, გარდა მუდმივი ექსპოზიციისა, აქ სისტემატურად იმართება თანამედროვე მხატვრებისა და არტისტების დროებითი გამოფენები. ამავე შენობის ნახევარსარდაფში, „ტავერნა კრიხულაში“ კი, განსაკუთრებით გემრიელ კერძებს ამზადებენ.

პ.პ.ს. არ ვიცი, შარეულას ჰესი ჰქვია თუ არა, ჭელიშის უდაბნოსა და შარეულას სათავესაკენ მიმავალი ბილიკების გასაყარზე რომ პატარა ელეტქროსადგურია. ორივე ჯერზე, როცა იქ ვიყავი, ჩემი ყურადღება მიიქცია არაერთ ადგილას განთავსებულმა გამაფრთხილებელმა წარწერამ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე (და 50 მეტრის რადიუსში) ბანაობა და თევზაობა სიცოცხლისათვის სახიფათოა და ამიტომ აკრაძალულია. განსაკუთრებით თვალში საცემი კი ის იყო, რომ ამ აკრძალვების ფონზე, შენობის არმატურის ხიდიდან, თუ რაღაც მსგავსი ტექნიკური კონსტრუქციიდან, ერთგვარ ტექნიკურ აუზში, რომელიც საკმაოდ ღრმა ჩანს, ახალგაზრდები დიდი სიმაღლიდან ხტებიან; როგორც ჩანს, გამაფრთხილებელი წარწერა დიდად არავის ხვდება თვალში. სინამდვილეში კი, ძალიან მარტივი ჩანს ტერიტორიის შემოღობვა ისე, რომ არც გზა ჩაიკეტოს და ამ სათავგადასავლო და რეალურად სახიფათო ხტომის საშუალებაც შეიზღუდოს. „ეგ რა პრობლემაა, მთელი ცხოვრება ეგრე ვხტებით თაობებიო“, – ამ არგუმენტის მიღება მიჭირს. #იცურემშვიდად

მსგავსი სიახლეები