სასოფლო განვითარების ორი ამბავი 113 წლიანი შუალედით – გულგულას კომუნა – 1905 და რუისპირის სასოფლო განვითარების მოძრაობა – 2018

2199

ავტორი: ანა მარგველაშვილი – სათემო განვითარების ცენტრი

1905 წლის 8 იანვარს, თელავის მაზრაში გამართულ სოფლის ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობას ივანე კოლელიშვილმა კარგად გააზრებული სათქმელით მიმართა და გამოსავალიც შესთავაზა:

 “ძმებო და ამხანაგებო! გაჭირვება თქვენი დიდია, მდგომარეობა თქვენი აუტანელია. თქვენთვის არ არსებობს არც თბილი სადგომი, არც კარგი სასმელ-საჭმელი და ტანისამოსი, არც მოსვენება, არც ნამდვილი ადამიანური ცხოვრება . . . ხომ ხედავთ, რომ ჩვენთვის არავინ ზრუნავს, ჩვენ თვითონ ვიზრუნოთ ჩვენი თავისთვის. სიღარიბის და გაჭირვების წამალი მე ძალიან ბევრი ვეძებე, მაგრამ ვერა ვიპოვე რა, გარდა ერთობისა, გარდა ძმობისა, გარდა ამხანაგობისა. ცალ-ცალკე რომ ვიყვნეთ, ჩვენ გაჭირვებას, ჩვენ დაბეჩავებას ვერ მოვუვლით, რადგან ჩვენი გაჭირვება დიდია, და ერთმანეთისაგან გაცალკევებულებს ძალა არ შეგვწევს. ყველას ერთად-კი ძალიან გაგვიადვილდება ჩვენი ჭრილობების მოვლა, როგორც ერთ კამეჩთან ერთად მეორესაც უბამთ ხოლმე უღელში და ისინი ერთად ეწევიან ჭაპანს, ისე ჩვენც უნდა მოვიქცეთ. უღელი კამეჩი გუთანს ადგილიდანაც-კი ვერ დასძრავს და ექვსი უღელი-კი ძალიან ადვილად გადააბრუნებს ალოს. ძალა ერთობაშია. ყველამ მხარი მხარს უნდა მივსცეთ, უნდა ერთნი ვიყვნეთ ჭირშიაც და ლხინშიაც და ჩვენ დაბეჩავებულ მდგომარეობასაც ვუშველით. ძმებო, ჩვენ, ვისაც ქონება გვაქვს, ჩვენი ქონება ჩამოვიდეთ სასოფლოდ, ამხანაგურად დავამუშავოთ უქონლებთან ერთად და ამხანაგურად გავიყოთ საჭიროებისდა კვალად ჩვენი ნაწვავ-ნადაგი. აი მე მთელ ჩემს ქონებას მიწებს, ვენახებს, საქონელს ჩამოვდივარ სასოფლოდ და ვინც მე მომემხრობა და თავის ქონებასაც ჩამოვა სასოფლოდ, ცალკე გავიდეთ”.

ასე შეიქმნა სოფელ გულგულაში, საქართველოში ერთ-ერთი (ან ეგებ ერთადერთი?) პირველი კომუნა, სოფლის მცხოვრებლების სამეურნეო და კულტურული გაერთანება „ძმობა და ერთობა“. ინიციატორი ივანე, 1862 წელს იყო დაბადებული და განათლებაც ევროპაში მიეღო, ტოლსტოის იდეების მიმდევარი ხვდებოდა, რომ ასე გათითოკაცებულ სოფელს ძნელად ეშველებოდა რამე და ვერც მოსახლეობა შეძლებდა, თავი დაეღწია უკიდურესი გაჭირვებისთვის. თვითმმართველობა მაშინ არ არსებობდა და ნებისმიერი თვითინიციატივა, რომელიც მაზრის ხელისუფლებას თვალში არ მოუვიდოდა სხვადასხვა გზით იდევნებოდა. მიუხედავად ამისა, სოფელ გულგულას კომუნაში თავიდან 70-მდე, ბოლოს კი 120 კომლი იყო გაწევრიანებული და ერთობლივად შრომობდნენ. ივანეს კარგად ესმოდა, რომ შრომითი ძალების გაერთიანების პარალელურად, სამეურნეო და ზოგადად, განათლება იყო ის, რაც გლეხს იმხანად აუცილებლად სჭირდებოდა და ამ მიმართულებითაც არ იშურებდა ძალისხმევას. გულგულას კომუნამ რამდენიმე წელი იმუშავა, მძიმე ე.წ. „შავი რეაქციის“ წლებში, თუცა, ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლასა და ინტრიგებს დიდხანს ვერ გაუძლო. თავისი არსებობის პერიოდში კი, „კომუნას ხშირად სტუმრობდნენ უბრალო ცნობისმოყვარეები თუ სხვადასხვა საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, მისი მუშაობის გასაცნობად და ამ პრეცენდტენტის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად. წარმატებამ თავიდან კომუნის მიმართ ეჭვით განწყობილი თანასოფლელებიც დაარწმუნა, რომ კომუნაში გაერთიანება სასურველი იყო; მალევე მეზობელი სოფლებიდანაც გამოჩდნენ მსურველები, რომელთაც გულგულას მაგალითის გადაღება სურდათ და დახმარებას ითხოვდნენ.“[1]

გულგულას კომუნას ამბავი გამახსენდა 2018 წლის 13 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში (გულგულადან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე) გამართულ სოფლის კრებაზე, სადაც ბიო-მეურნე გიორგი ალადაშვილი, სოფლის კლუბის მიმდებარე მოედანზე შეკრებილ სოფლის მცხოვრებლებს, ცნობისმოყვარე სტუმრებს და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართავდა სოფლის კეთილდღეობისათვის ერთობლივი ზრუნვისა და შრომის იდეით.

ინიციატორმა სოფელს ზეპარტიული, აპოლიტიკური ერთობის შექმნისკენ მოუწოდა და სამი მთავარი აქცენტი გამოყო: ერთობა, ეკოლოგია და განათლება. თავის უშუალო მიმართვაში გიორგიმ თქვა:

  • რომ სოფელს სოფლელებმა თავად უნდა მიხედონ „თვითეულმა ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის სოფელზე, ხალხო. თუ ჩვენ არ ვიზრუნეთ და ჩვენ არ გავასუფთავეთ ჩვენი ეზოს გარშემო, არავინ არ მოვა და არავინ არ დაგვისუფთავებს“;
  • რომ სოფელი უნდა გაერთიანდეს ერთი იდეის, ხედვის გარშემო: „ნებისმიერ ადამიანს შეგიძლიათ, ხვალიდან მოხვიდეთ და გაწევრიანდეთ და გაერთიანდეთ ერთი იდეისთვის, რომ სოფელში იყოს ნაწარმოები, მაგალითად, რაღაც 30% ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი… ამ შეკრებაზე და ამ ინიციატივაზე ავჩქარდი იმიტომ, რომ პრემიერის ინიციატივა იყო „მწვანე ეკონომიკა“ და მივხვდი, რომ დრო იყო, ჩვენი სოფელი წარმოგვეჩინა, როგორც პირველი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მწარმოებელი, როგორც მევენახობაში, ისე მეხორბლეობაში, მეცხოველეობაში და ასე შემდეგ.“ იმიტომ, რომ ეს ხედვა მომავლის ხედვაა და, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი ამ გზით სოფლის განვითარება, თითოეულის კეთილდღეობა უნდა იყოს. ამისათვის კი სოფელში საჭიროა ეკო და საოჯახო სასტუმროები; გიორგის „რუისპირის ბიოდინამიური მევენახეობის“, რომელსაც სპეციალურად არ დაარქვა საკუთარი, არამედ სოფლის სახელი, გამოცდილებამ აჩვენა, რომ ამ სფეროში მოთხოვნა არის, და არის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მყიდველიც; რომ მევენახეები, ვინც მისი რჩევით, ბიოდინამიური მეთოდებით ამუშავებენ ვენახებს, გაცილებით ძვირად ყიდიან ყურძენს, რადგან ეს მიმართულება მომავლის მიმართულებაა, ჩვენი ხვალინდელი დღეა.
  • რომ სოფელს, შეიძლება, ჰქონდეს თავისი შემოსავლები, თავისი ბიუჯეტი, თავისი საწარმო, თუნდაც რძის გადამამუშავებელი. რატომაც არა?
  • და, რომ ამ ყველაფერში მთავარი ადგილი განათლებას უნდა ეკავოს, რომ რუისპირში სასურველია, არსებობდეს ეკოლოგიური სასწავლებელი და საქართველოს ყველა კუთხიდან მოსულმა მსურველმა აქ, სოფელში ბიოდინამიური მეურნეობის კუთხით დაგროვილი ცოდნის გაზიარება და სწავლა შეძლოს.

მაშინ, როცა გულგულას კომუნა იქმნებოდა, ინიციატორის ძალისხმევა ერთობისაკენ და განათლებისაკენ იყო მიმართული. იმხანად სასოფლო სამეურნეო პროდუქტი ისედაც 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა იყო, თორემ ეჭვიც არ მეპარება, ივანე კოლელიშვილს არც ამ საკითხის აქტუალობა გამორჩებოდა; თავად უმკაცრეს ვეგეტარიანელს, ბუნებასთან ჰარმონიული თანაარსებობის მნიშვნელობა, ცხადია, ჩემზე კარგად ესმოდა.

დღეს კი, შხამ-ქიმიკატების ხშირად უკონტროლო გამოყენების პირობებში, სოფლის განვითარების ინიციატორმა, გიორგი ალადაშვილმა, სამი ძირითადი ასპექტი გამოყო: ერთობა, განათლება და ეკოლოგია.

სამწუხაროა, რომ თვითმოქმედების და თემის თვითორგანიზების საკმაოდ მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, 113 წლის შემდეგ თითქმის ნულიდან ვიწყებთ. საბჭოთა ცენტრალიზებულმა მმართველობამ, ჩემი ზრით, ჩაკლა თვითინიციატივა და საკუთარი სოფლისთვის, კეთილდღეობისათვის დამოუკიდებლად შრომის, ძალისხმევის გაერთიანების უნარი. ჩვენი მრავალფეროვანი გამოცდილებაც ისე დავივიწყეთ, თითქოს არც არასოდეს გვცოდნია ერთმანეთის გვერდში დგომა, შრომა, სოლიდარობა და საერთო იდეის გარშემო გაერთიანება. თავს იმით ვიმშვიდებ, რომ უარეს დღეში შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავით და მაგალითად, ვერც საუკუნის წინანდელი გამოცდილება გაგვეხსენებინა და ვერც ახალი იდეების, საქმეების წამოწყება შეგვეძლო; არადა, დღეს-დღეისობით გარშემო უკვე იმდენი ინიციატივა ჩნდება მთასა თუ ბარში, იმდენი ადამიანი იწყებს ერთი კონკრეტული იდეის გარშემო თანამოაზრეების შემოკრებას და მოქმედებას, რომ მჯერა – თუ ისევ რაიმე ჩვენს ძალებს აღმატებული კატასტროფა არ დაგვატყდა თავს, განვითარების ამ პროცესს ვერაფერი გააჩერებს. სამოქმედო გარემოც ახლა გაცილებით ხელსაყრელია და შესაძლებლობებიც მეტია. ჯერ მარტო ის რად ღირს, ინფორმაციის გავრცელება ელვის უსწრაფესად რომ ხდება და თანამოაზრეების მოძიება სულ რაღაც საათებში მხოლოდ საკუთარ სოფელში კი არა, მთელ ქვეყანაშია შესაძლებელი.

მინდა მჯეროდეს,

  • რომ სოფელ რუისპირის განვითარების ჯგუფი მართლაც შეიქმნება და იმოქმედებენ სამი ძირითადი იდეის – ერთობა, ეკოლოგია, განათლება – გარშემო;
  • რომ რუისპირი იქნება ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც ეკო-პროდუქტს ვიყიდით ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის;
  • რომ პროდუქტი პროდუქტად და ეს ძალისხმევა იქნება ის, რაც სოფლის განვითარებას წაადგება;
  • რომ თავის დროზე გულგულას კომუნასი არ იყოს, რუისპირის ბიოდინამიური მიდგომებიც და სოფლის ერთობაც ბევრისთვის გახდება მაგალითი და სხვა სოფლები ეცდებიან ამ გამოცდილების გაზიარებას.
  • რომ ზოგადად, თელავის მუნიციპალიტეტს კარგი შანსები აქვს ეკო-მიმართულების განვითარებისათვის (მაგ. სოფელ ართანაში უკვე წლებია, მეღვინე კახა ბერიშვილი სწორედ ამ მიდგომებით მუშაობს და ძალიან კარგი გამოცდილება დააგროვა, რომელსაც ყველა მსურველს სიხარულით უზიარებს; ასევე, სოფელ ნაფარეულის სათემო განათლების ცენტრი, 2019 წლიდან სოფლის მოსახლეობის არაფორმალური განათლების კუთხით, სწორედ ორგანული, ეკოლოგიური მეურნეობის მიმართულებით შესთავაზებს კონსულტაციებსა და საინფორმაციო შეხვედრებს);

რუისპირის ინიციატივა სახეზეა, საინტერესოა 1905 წლისგან განსხვავებით, სადაც თავიდანვე, დაახლოებთ, 75 კომლი ჩაერთო კომუნას მუშაობაში, ახლა რამდენი ადამიანი აიტაცებს ინიციატივას და  დაუჭერს მხარს სოფლის განვითარების მწვანე იდეას?

[1] ი. ხვადაგიანი, “ინიციატივა ცვლილებებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე“, სათემო განვითარების ცენტრი, 2015.

თემის თვითორგანიზების გამოცდილების შესახებ შეგიძლიათ, გაეცნოთ ფილმს – “ინიციატივა არ ისჯება”