დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა

2586

დიდუბის რაიონში ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანი გაიხსნა, რომელიც დიდუბის გამგეობისა და კომპანია „გალფის“ ერთობლივი პროექტია.

თბილისის მერიის ცნობით, სპორტული მოედანი საერთაშორისო საკალათბურთო სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს.

მოედნის გახსნას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრო. მისი თქმით, მსგავსი სპორტული ობიექტების არსებობა დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„თითოეული ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს კონკრეტული ობიექტი რამდენიმე ფაქტორის გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, ის არის ზაზა ფაჩულიას სახელობის და პროექტი მისი ძალისხმევით განხორციელდა. მოედანი საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს და მიხარია, რომ თბილისს ასეთი პროექტი შეემატა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე, მოეწყო სკვერი, განთავსდა საპარკე ინვენტარი და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდა. ღონისძიების ფარგლებში, პროექტის – „ეთამაშე ზაზას სთრითბოლი“ ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც პროექტის გამარჯვებულებმა და ზაზა ფაჩულიამ ქუჩის კალათბურთი ითამაშეს. საკალათბურთო მოედანი ზაზა ფაჩულიამ დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან, „გალფის“ გენერალურ დირექტორ გიორგი დევაძესთან, პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, ილია წულაიასა და თარაშ შურღაიასთან ერთად გახსნა.