ზუგდიდის საკრებულოში მუნიციპალიტეტების შერწყმის საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა

557

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტების შერწყმის თაობაზე სამთავრობო კომისიის მიერ უწყებაში შეტანილი წერილი და მისი საკრებულოს სხდომაზე განხილვის მიზანშეწონილობა, ასევე წარმოდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილების საკითხები განიხილა.

შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან “ნაციონალური მოძრაობის” წევრისთვის საკითხის განხილვა მოსახლეობასთან კონსულტაციების გარეშე მიუღებელი აღმოჩნდა და საკუთარი აზრის დაფიქსირების შემდეგ ანა წითლიძემ სხდომა დატოვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც კომისიის თავმჯდომარეს უთხრეს, რომ კომისიას აქვს უფლება, უარი თქვას საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანაზე, რადგან დოკუმენტაცია არასრულყოფილია, არ ჩატარებულა მოსახლეობასთან კონსულტაცია, რაც პირდაპირი ვალდებულებაა ხელისუფლების.

მესამე სექტორის საპასუხოდ კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კომისიის უარის მიუხედავად საკრებულოს შეუძლია, მაინც გაიტანოს საკითხი სხდომაზე განსახილველად, თუმცა დოკუმენტაციის სრულყოფილებაში ის პრობლემას ვერ ხედავს.

საბოლოოდ იურიდიულ საკითხთა კომისიამ საკითხის უახლოეს სხდომაზე გატანის გადაწყვეტილება მიიღო.

წყარო: ინტერპრესნიუსი