ნაციონალური მოძრაობა გორის მერის იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს

1108

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი “ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონს არღვევს. ინფორმაციას “რადიო მოზაიკა” ავრცელებს.

პარტიის წარმომადგენლის, ბექა ქორჩილავას განცხადებით, გორის მერი პარალელურად შპს “მარინის” დირექტორის თანამდებობასაც ითავსებს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” გორის მერის გადადგომის მოთხოვნა საკრებულოში უკვე დაარეგისტრირა.

​“კონსტანტინე თავზარაშვილი კანონს უხეშად და ღიად არღვევს. მას ეკრძალება სხვა ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, თუმცა, მიუხედავად ამის, ის დღემდე შპს “მარინის“დირექტორის პოსტსაც ითავსებს. ასე ხდებოდა მაშინაც, როდესაც ის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მივმართეთ საკრებულოს და რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარე კომისიას გადასცემს საკითხს, რაზეც სხდომამდე სამანდატო -საპროცედურო კომისია იმსჯელებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს ადამიანი თანამდებობიდან გადადგეს“, – განაცხადა ბექა ქორჩილავამ.