ევროკავშირის წარმომადგენლობა კახეთში შეხვედრებს გამართავს

948

ევროკომისიის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის მოადგილე კატარინა მატერნოვა კახეთში ევროკავშირის პროექტებს მოინახულებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.

16-17 ივლისს მატერნოვა ლაგოდეხის, ყვარელისა და თელავის მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს გამართავს.

,,ორშაბათს, 16 ივლისს, 13:00 საათზე, კატარინა მატერნოვა ლაგოდეხში სასტუმრო “ვალდ ჰოტელს” (Wald Hotel) ეწვევა, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერით ტერასა და ლიტერატურული კაფე შეიქმნა. ის შეხვდება ლაგოდეხის ადგილობრივი განითარების ჯგუფს, რომელიც საჯარო და კერძო სექტორის, ასევე ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მოიცავს.

ამასთან, 15:15 საათზე ის ეწვევა კომპანია “ყვარლის სარდაფს” (Kvareli Cellar), რომელმაც განახორციელა ინვესტიციები თანამედროვე ტექნიკაში, რათა გაეუმჯობესებინა პროდუქციის ხარისხი და მისი თანამშრომლებისთვის უზრუნველყოფილიყო უსაფრთხო სამუშაო გარემო. ამ ინვესტიციის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირი ბიზნესისთვის – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EU4Business- EBRD) საკრედიტო ხაზის სესხის საშუალებით.

ხოლო, 17 ივლისს, სამშაბათს, დილის 9:30 საათზე, მატერნოვა გაემგზავრება თელავის # 1 საბავშვო ბაღში, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში ენერგოეფექტური მოდერნიზაციისთვის შეირჩა. იგი ასევე სოფელ იყალთოს ეწვევა და ამავე პროექტის ფარგლებში გარემონტებული ადგილობრივ საბავშვო ბაღი მოინახულებს’’, – განაცხადეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარება ყოველწლიურად 100 მილიონ ევროზე (დაახლოებით 270 მილიონი ლარი) მეტს შეადგენს, რომლის ფარგლებში 100-ზე მეტი პროექტი ხორციელდება და მათი უმრავლესობის პირდაპირი ბენეფიციარები ქვეყნის რეგიონების მაცხოვრებლები არიან.